თამარ გაბუნია - ბოლო წლების განმავლობაში შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს
თამარ გაბუნია - ბოლო წლების განმავლობაში შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ორგანიზებით, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დარგის სპეციალისტები და პროგრამაში ჩართული პირები, აღინიშნა, რომ აივ-ინფექციის პანდემიის დასრულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფექციის ადრეული გამოვლენა, ეფექტიანი მკურნალობა, პრევენციული ღონისძიებები, აივ ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, ასევე შიდსის სამკურნალო მედიკამენტები.

მათივე ცნობით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.