თამარ ჩუგოშვილი - წყალტუბო მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი შეიძლება გახდე
წყალტუბო არის ფანტასტიური ადგილი, ეს არის უნიკალური რესურსი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ბოლომდე ვერ იყენებს, რადგან არ არის ისე განვითარებული, რისი პოტენციალიც აქვს და მისი პოტენციალის სრულად გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, წყალტუბო მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი შეიძლება გახდეს.
„ბუნებრივია, ეს მოითხოვს საკმაოდ დიდი მასშტაბის ინვესტიციას და სამწუხაროა, რომ აქამდე სხვა კერძო ინვესტორი არ გამოჩნდა, მათ შორის, იმ პირების სახითაც, რომლებიც ახლა ამ ინიციატივას აპროტესტებენ. კარგი იქნებოდა, რომ აქამდე ეს ინვესტორი გამოჩენილიყო, მაგრამ არ გამოჩენილა. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაში მთავარი არის ის, რომ სტიმული მისცეს სამომავლოდ კერძო ინვესტორებს, პირადი სახსრებიდან დახარჯოს იმდენი თანხა, რომ ინვესტორებისთვის კომერციულად მიმზიდველი იყოს. ეს ისეთი ინიციატივაა, სადაც პრობლემას და ცუდს კი არ უნდა ვეძებდეთ, პირიქით უნდა ვგულშემატკივრობდეთ ამ პროექტის წარმატებით განვითარებას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მსგავსი პროექტების განხორციელება მრავალი წლის წინ დაიწყო, როდესაც მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან
„ოპოზიცია რას იტყვის, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია, მე მგონი საზოგადოებას თავად შეუძლია რომ განსაჯოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.