თამარ ჩუგოშვილი - საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება ქუჩის პროცესს გააცოცხლებს
თამარ ჩუგოშვილი - საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება ქუჩის პროცესს გააცოცხლებს

სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეალური ცვლილებები იქნება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როცა დიალოგი თვეების განმავლობაში უშედეგოა, ამის ლოგიკური გაგრძელება პროცესების კვლავ ქუჩაში გადასვლა იქნება.

„ქუჩის პროცესი საარჩევნო სისტემის ჩაგდებამ გამოიწვია. შემდგომ მოლაპარაკებების დაწყებამ მცირედით შეანელა ეს ყველაფერი. დიალოგის პროცესი დაიწყო და, როდესაც თვეები განმავლობაში დიალოგს შედეგი არ მოაქვს, ბუნებრივია, ლოგიკური გაგრძელება პროცესების ქუჩაში გადასროლა იქნება. პროცესები ასე განვითარდება. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. მე პირადად სამწუხაროდ არ ველოდები, არ მგონია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეალური ცვლილებები ჯერ კიდევ იქნება. ყველა წინა შეხვედრა რომელიც გაიმართა, ფაქტია, რომ კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა და ბოლო შეხვედრა, რომელიც მალე გაიმართება, არ ვიცი, რამდენად იქნება შედეგის მომტანი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, არ აქვს განცდა, რომ საქართველოს, როგორც ქვეყანას უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემა ექნება 2020 წლის არჩევნებისთვის.

„ამ მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულება ისევ გააცოცხლებს ქუჩის პროცესს, რომელიც წინა წლის დასასრულს ვიხილეთ“, – ამბობს ჩუგოშვილი.

ამასთან, დეპუტატი არ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უშუალო მონაწილეობა შეხვედრებში, შედეგის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყოს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მაინც ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირი ის არის, რადგან მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, ყველაზე გავლენიანი ადამიანია და მისი პოზიცია გადამწყვეტია. რაც შეეხება შეხვედრაში უნდა მიიღოს თუ თუ არა მონაწილეობა, არ მგონია, ამას შედეგისთვის რამე მნიშვნელობა ჰქონდეს და შედეგზე  რამე გავლენა მოახდინოს, იმ ოთახში იქნება თუ არა. პირველ რიგში, გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მასზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.