თამარ ჩუგოშვილი - ქვეყანა არ უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც 7 ნოემბერს იყო, დარწმუნებული ვარ, საქართველოში აღარ იქნება ხელისუფლება,  რომელმაც შეიძლება, ეს დღე გაიმეოროს
თამარ ჩუგოშვილი - ქვეყანა არ უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც 7 ნოემბერს იყო, დარწმუნებული ვარ, საქართველოში აღარ იქნება ხელისუფლება, რომელმაც შეიძლება, ეს დღე გაიმეოროს

დარწმუნებული ვარ, საქართველოში აღარ იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელმაც შეიძლება, 7 ნოემბერი გაიმეოროს. ქვეყანა არ უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც 7 ნოემბერს იყო,  – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა 11 წლის წინ, 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, 2007 წლის 7 ნოემბერს იმდროინდელმა ხელისუფლებამ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაზეც ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.

„შეცდომა ძალინ რბილი სიტყვაა იმის შესაფასებლად, რაც 7 ნოემბერს რეალურად მოხდა. ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, ყველა ფუნდამენტური უფლების სრული გადათელვით, რომელიც  შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს: გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე მოვლენები მთელი დღის განმავლობაში, დაწყებული დარბევით, გაგრძელებელი ტელეკომპანია იმედში სპეცრაზმის შევარდნით“ – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

მისი შეფასებით, ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაულები, რომლებზეც პასუხისგება აუცილებელია.