თამარ ჩუგოშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ აგრესიული, დესტრუქციული ძალაა, რომელიც დებოშის გზას პოულობს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აგრესიული, დესტრუქციული ძალაა, რომელიც დებოშის გზას პოულობს. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში მომხდარმა ინციდენტმა მნიშვენელოვანი პროცესი გადაფარა.
„ბოლო ორი, ძალიან დატვირთული დღის განმავლობაში, საკომიტეტო ფორმატში გამართული დისკუსიები ძალიან საინტერესო და კარგი იყო და ძალიან დასანანია, რომ „ნაციონალური მოძრაობასთან“ მომხდარმა ინციდენტმა ის მნიშვენელოვანი პროცესი გადაფარა, რასაც პარლამენტში ამ დღეების განმავლობაში გავდიოდით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის კითხვაზე, უმტყუნა თუ არა პრემიერს ნერვებმა და როგორ შეიძლება შეფასდეს მისი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საჯარო სივრცეში მყოფ ადამიანებს თმენის ვალდებულება აკისრიათ, რაც ზოგჯერ, ძალიან რთულია, რადგან ხანდახან, ადამიანურმა ემოციამ შესაძლოა, ადამიანი კონტროლის სფეროდან გამოიყვანოს.
„იმას, რაც მოხდა, ჩემი გამართლება არ სჭირდება და არც მინდა, ამაზე ვისაუბრო, უბრალოდ გარემო და ქცევები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოდიოდა, ძალიან მძიმე იყო. ეს არის აგრესიული, დესტრუქციული ძალა, რომელიც დებოშის გზას პოულობს. იმას, რაც მოხდა, ახლა ვერაფერს ვუზამთ. ამ განცხადების გამო, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, ქართულ პოლიტიკურ კულტურაში არ არიან მიჩვეული იმ მდგომარეობას, როცა მთავრობა პარლამენტში ხშირად მიდის და დისკუსია იმართება.
„საჭიროა, ასეთი შეხვედრები სულ უფრო ხშირად იმართებოდეს. ახალი კონსტიტუციით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა გახდეს, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოში მეტი დოზით ყოფნას თავისთავად გულისხმობს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.