თამარ ჩუგოშვილი - მრჩება განცდა, რომ სერგი კაპანაძეს სათქმელი არ აქვს და მოწმენდილ ცაზე რაღაცას იგონებს
თამარ ჩუგოშვილი - მრჩება განცდა, რომ სერგი კაპანაძეს სათქმელი არ აქვს და მოწმენდილ ცაზე რაღაცას იგონებს

მაგნიტსკის სიაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანის ინიცირება უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების მიერ ერთობლივად მოხდა, ძალიან გულდასაწყვეტი და სამწუხაროა სერგი კაპანაძის განცხადება, მრჩება განცდა, რომ სათქმელი არ აქვს და მოწმენდილ ცაზე რაღაცას იგონებს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

„სიტყვები არ მყოფნის. მართლა ძალიან გულწრფელად გეუბნებით, მგონი, ამ ხალხს უბრალოდ საქმე არ აქვს და ცარიელ ადგილზე პრობლემას ეძებს. ცვლილება, რომელზეც ლაპარაკობენ, არის უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების მიერ ერთობლივად ინიცირებული. საერთოდ, ავტორები ვართ იმ ცვლილების, რომელზეც ლაპარაკობენ, იმ საკითხის, ანუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ჩადების. რაზე ლაპარაკობენ, რა მხარდაჭერა დააკლდათ, რა გამოჩენა დააკლდათ, არ ვიცი. წარმოუდგენელია ჩემთვის. ამ რეზოლუციის თანაავტორები არიან ოთხი პარლამენტარი ჩემი დელეგაციიდან, საქართველოდან. ესენი არიან უმცირესობიდან დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი და უმრავლესობიდან დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. მე თვითონ ვესწრებოდი განხილვებს და ვმონაწილეობდი კენჭისყრაში. ასეთი განცხადებების გაკეთება, რასაც ახლა სერგი კაპანაძე გვესაუბრება, განცდა მრჩება, რომ უბრალოდ სათქმელი არ აქვს, თემა არ იცის, რაზე ილაპარაკოს და მოწმენდილ ცაზე რაღაცას იგონებს. ძალიან გულდასაწყვეტი და სამწუხაროა, რადგან ბატონი სერგისგან განსაკუთრებულად არ ველოდი ასეთ რამეს“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ თითო რეზოლუციაზე რამდენიმე კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც დელეგაციის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა და მხარდაჭერა გამოხატა. თამარ ჩუგოშვილმა პირველ არხს კენჭისყრის შედეგების ამსახველი ფოტომასალაც მიაწოდა.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებამ” უნდა განმარტოს, რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“, რომლის ერთ-ერთ შემადგენელიც არის „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“.