სერგი კაპანაძე  - „ქართულ ოცნებამ" განმარტოს, რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“
სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებამ" განმარტოს, რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, განმარტოს, რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერგი კაპანაძემ განაცხადა, ევროსაბჭოში, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით სერიოზული დისკუსია მიმდინარეობდა და ასამბლეამ სიაზე რეზოლუცია მიიღო, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა“.

დეპუტატის განმარტებით, რეზოლუცია ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ე.წ. ჭკვიანი სანქციები იმ ქვეყნებსა და ადამიანებზე გაავრცელოს, რომლებიც ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„პარლამენტმა ჩვენი ინიცირების შემდეგ, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ შარშან მიიღო, რასაც მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტმა და რამდენიმე ქვეყანამ მხარდაჭერა გამოხატეს. გუშინ, როცა რეზოლუცია განიხილებოდა და კენჭისყრა იყო, „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს მხარი არ დაუჭერია. საკითხი მნიშვნელოვანი მხოლოდ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ თვალსაზრისით კი არ არის, არამედ ეს არის რეზოლუცია, რომელიც ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს მოუწოდებს, ადამიანის უფლებები დაიცვას. რეზოლუციაზე საქართველოს ხელისუფლების დელეგაციის არც ერთი წარმომადგენელის მხრიდან მხარდამჭერი პოზიცია არ დაფიქსირებულა. მონაწილეობა დებატებშიც კი არ მიიღეს და პოზიცია არ დააფიქსირეს. დოკუმენტს საქართველოდან მხარი ორმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკი და დავით ბაქრაძემ დაუჭირეს. „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, განმარტოს, რატომ არ დაუჭირეს მხარი ევროპული მასშტაბით მნიშვნელოვან რეზოლუციას. ეს არის მორიგი მაამებლური ნაბიჯი რუსეთის მიმართ, თუ სხვა რაიმე საქციელი? როცა ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია განიხილება და ასამბლეაში დელეგაცია მონაწილეობს, მხარს რატომ არ უჭერენ, გაუგებარია. ამ საკითხზე ვალდებული არიან, საზოგადოებას პასუხი გასცენ. ეს ევროპული მასშტაბით ანტირუსული რეზოლუციაა და როგორ ჩანს, უმრავლესობას გადაწვეტილება აქვს მიღებული, რომ საერთაშორისო ფორუმებზე რუსეთის წინააღმდეგ არ მიდიან”, – განაცხადა კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი