თამარ ჩუგოშვილი - მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანთან ერთად მაქსიმალურად დავაჩქაროთ საზღვრის დემარკაციის პროცესი
მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანთან ერთად, რომელიც ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყანაა, მაქსიმალურად დავაჩქაროთ საზღვრის დემარკაციის პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა ჩუგოშვილს მიმართეს კითხვით მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობის განცხადებებზე, რომელიც მან გუშინ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, აღდგომის ტაძარში გააკეთა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მას მეუფე იობის მიმართვა არ მოუსმენია.
„ეს მიმართვა არ მომისმენია და არც ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, რომც მქონდეს მოსმენილი. ჩვენთვის და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანთან ერთად, რომელიც ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყანაა, მაქსიმალურად დავაჩქაროთ საზღვრის დემარკაციის პროცესი. ვიცით, პრობლემა რაშიც მდგომარეობს; რაღაც ნაწილზე არ გვაქვს დადგენილი სრულად საზღვრები. შესაბამისად, საჭიროა ამ პროცესის მაქსიმალურად დაჩქარება, რათა ის ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და წლიდან წლამდე არ აქტიურდებოდეს მსგავსი პრობლემები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, აღდგომის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა.
როგორც მეუფე იობმა ქადაგებისას აღნიშნა, საქართველოს ბევრი განსაცდელი ჰქონია, მაგრამ ღვთის ნებით, ის დადებითად გადაწყვეტილა საქართველოს სასარგებლოდ.
„ღვთის წყალობით, გონიერება ეყოფათ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ყოველივე“, – განაცხადა მეუფე იობმა.