მეუფე იობი - ღვთის წყალობით, გონიერება ეყოფათ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ყოველივე
მეუფე იობი - ღვთის წყალობით, გონიერება ეყოფათ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ყოველივე

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, აღდგომის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა.

როგორც მეუფე იობმა ქადაგებისას აღნიშნა, საქართველოს ბევრი განსაცდელი ჰქონია, მაგრამ ღვთის ნებით, ის დადებითად გადაწყვეტილა საქართველოს სასარგებლოდ.

„გონიერება ეყოფათ, როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ყოველივე ის, რაც ჩვენ წინაშე ასეთი გამოწვევა დადგა. ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა შეიწიროს თქვენი აქ მობრძანება. ვფიქრობ, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათი უნდა დაწესდეს გარეჯელ მამათა ხსენების დღედ და ყოველ წელიწადს, როგორც დღეს ჩვენ მთელი სამღვდელოებით მოვედით, შეუძლია სხვა ეპარქიებსაც მოვიდნენ. შეიძლება მორიგეობაც დაწესდეს. წლების მიხედვით მღვდელმთავრები მობრძანდნენ და ჩაატარონ საზეიმოდ ეს დღესასწაული, ვაჩვენოთ მათ, რომ ეს არ არის მიტოვებული ადგილი, აქ მოქმედი მონასტერია, წირვა-ლოცვები აღესრულება“, – განაცხადა მეუფე იობმა.

დავით გარეჯში იმყოფებოდნენ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენლები. ტაძრამდე მრევლი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მივიდა.