თამარ ჩუგოშვილი - კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ჩუგოშვილის თქმით, რადგანაც კანაფის კულტივაციის საკითხმა ვნებათაღელვა გამოიწვია და იდეას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მიმდინარე კვირაში მსჯელობა კანონპროექტის იმ ნაწილზე გაიმართება, რომელიც მხოლოდ მარიხუანას მოხმარების რეგულირებას შეეხება.
„პოზიციები შეჯერებულია და ამ ნაწილს გავიტანთ, დანარჩენს მეტი მსჯელობა სჭირდება. არ გვინდა, ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც საზოგადოებას ფაქტის წინაშე დააყენებს და მათთვის მიუღებელი იქნება. ამიტომ, ამ საკითხს მეტ ყურადღებას დავუთმობთ და დაინტერესებულ მხარეებს მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, – აღნიშნავს ჩუგოშვილი.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის შექმნას, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ კანაფის წარმოება-კულტივაციის თემაზე აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობდა, თუმცა ცუდი არ იქნება, თუ სამუშაო ფორმატი პარლამენტშიც შეიქმნება.
„როგორც წესი, პარლამენტი ღია და ჩართულობითი პროცესის შესაძლებლობას იძლევა“, – დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.