თამარ ჩუგოშვილი - გამოძიების შედეგების მიხედვით გავერკვევით მინისტრის პასუხისმგებლობაა თუ ინდივიდუალური პირების, რომლებმაც თავიანთ უფლებამოსილებას გადაამეტეს
დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით, გაგრძელდა აგრესიული შტურმით საქართველოს პარლამენტზე, რომელსაც, როგორც ჩანს, სათავეში ედგა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და სამწუხაროდ პარლამენტის წევრი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით სამარცხვინოა, როდესაც პარლამენტის წევრი ხელმძღვანელობს პარლამენტში შევარდნის შტურმს.
„რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თემას, აქ ჩვენი პოზიცია საკმაოდ მკაფიოა. შეიძლება ვიღაცები არ დამეთანხმონ, მათ შორის აქციაზე მდგომი ახალგზარდები, მაგრამ მოვლენების განვითარება იყო ასეთი – დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით, გაგრძელდა აგრესიული შტურმით საქართველოს პარლამენტზე, რომელსაც, როგორც ჩანს, სათავეში ედგა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და სამწუხაროდ პარლამენტის წევრი; განსაკუთრებით სამარცხვინოა, როდესაც პარლამენტის წევრი ხელმძღვანელობს პარლამენტში შევარდნის შტურმს. ეს გაგრძელდა შემდგომ ვანდალური აქტებით თბილისის სხვადასხვა წერტილში, ფილარმონიასთან თუ უნივერსიტეტის წინ და შუალედში პოლიციას არ დარჩა გზა, გარდა იმისა, რომ გამოეყენებინა ძალა და ამ ძალის გამოყენების დროს ჩვენ მივიღეთ ძალიან სამწუხარო შედეგი, როდესაც რამდენიმე ადამიანს მძიმედ დაუზიანდა ჯანმრთელობა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნათლად თქვა, რომ თუ ძალის გადამეტებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, ის აიღებს პასუხისმგებლობას.
„როდესაც ძალადობრივი აქციის დაშლა იწყება და როდესაც ძალის წინააღმდეგ გამოიყენება ძალა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად რთული არის ხოლმე ზიანის თავიდან აცილება, რაც არის ძალიან ტრაგიკული და მძიმე. გადამეტების შემთხვევები იყო ერთეული თუ იყო სისტემური, ეს არის დასადგენი. მინისტრმა თქვა ძალიან ნათლად, რომ თუ ეს იყო სისტემური, თუ ეს იყო მასშტაბური, მაშინ ამ შემთხვევაში მას ეკუთვნის პასუხისმგებლობის აღება, თუ ეს იყო ერთეული შემთხვევები ძალის გადამეტების, მაშინ პასუხი უნდა აგონ ინდივიდუალურმა პირებმა. უფლებამოსილება შეუჩერდა არაერთ ადამიანს, პროკურატურა იძიებს სახალხო დამცველის ზედამხედველობის ქვეშ. ჩვენ მზად ვართ, რომ ასევე საერთაშორისო, მოწვეული ექსპერტებიც ჩაერთონ და გამჭირვალე და სანდო პროცესის ფარგლებში წარიმართოს ეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რეალურად. მანამდე, ძალის გამოყენებამდე ნაწილი არის ასევე გამოსაძიებელი და ამაზეც მიმდინარეობს გამოძიება, რადგან ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში რა მასშტაბით ჰქონდა პოლიციაზე შეტევას ადგილი.
ძალის გამოყენების ნაწილშიც ასევე სრული მზადყოფნაა, სურვილი და ჩვენი მოთხოვნაც, რომ გამოძიება მოხდეს და გამოძიების შედეგების მიხედვით გავერკვევით მინისტრის პასუხისმგებლობაა თუ ინდივიდუალური პირების, რომლებმაც თავიანთ უფლებამოსილებას გადაამეტეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.