თამარ ჩუგოშვილი - ახალი ფრაქცია საკმაოდ კარგი რესურსი იქნება, რომ პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები გვქონდეს
ფრაქცია, რომელიც შეიქმნება, საკმაოდ კარგი რესურსი იქნება, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
ჩუგოშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვისთან ერთად აპირებს ფრაქციის შექმნას.
„საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით პარლამენტის წევრები, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ახალი ფრაქცია შევქმნათ. გვარებს და დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე კიდევ გვჭირდება. ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, ძალიან პრინციპული და პროფესიონალია. ფრაქცია, რომელიც შეიქმნება, საკმაოდ კარგი რესურსი იქნება, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტში შესაძლოა, ორი ახალი ფრაქცია შეიქმნას.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ფრაქციების შექმნას ცალ-ცალკე თამარ ჩუგოშვილი და ზვიად ძიძიგური აპირებენ.
არსებული ინფორმაციით, ზვიად ძიძიგური კონსულტაციებს უმრავლესობაში მყოფ დეპუტატებთანაც მართავს.
თამარ ჩუგოშვილი კი, ფრაქციის შექმნას იმ დეპუტატებთან ერთად აპირებს, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები გასულ კვირაში პროტესტის ნიშნად დატოვეს.
რეგლამენტით, ფრაქციის შესაქმნელად ექვსი დეპუტატია საჭირო.