თამარ ჩუგოშვილი - ძალიან მძიმედ გვქონია საქმე, ხელისუფლება კონგრესის მნიშვნელობას თუ ვერ აცნობიერებს
თამარ ჩუგოშვილი - ძალიან მძიმედ გვქონია საქმე, ხელისუფლება კონგრესის მნიშვნელობას თუ ვერ აცნობიერებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კონგრესმენების კრიტიკული განცხადებები ინფორმაციის ნაკლებობას არ უკავშირდება.

ჩუგოშვილის თქმით, პრობლემა იმაშია, რასაც ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ამბობდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნით ქვეყანა იწყებდა პროცესს, საიდანაც გამოსვლა ძალიან გაუჭირდებოდა.

„ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც დაიწყო გასული წლის 14 ნოემბერს, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნით. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ამ წერილის შინაარსი არის საჯარო ინფორმაცია და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისთვის. ჩვენ მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან ხშირად გვესმის, რომ არ არიან ინფორმირებულები, მათ არ იციან, რა პროცესები მიდის ქვეყანაში და ამიტომ აკეთებენ ამ განცხადებებს, თუმცა ეს შემთხვევა საპირისპიროში გვარწმუნებს, რადგან არა მხოლოდ წერილობით, არამედ შეხვედრებითაც მიიღეს ინფორმაცია და წერილობით პასუხზე პასუხი კიდევ უფრო გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის ნაკლებობაში კი არ არის პრობლემა, არამედ პრობლემა იმაშია, რასაც ჩვენ ვამბობდით გასული წლის ნოემბერში, რომ ქვეყანა იწყებდა პროცესს, საიდანაც გამოსვლა ძალიან გაუჭირდებოდა, საარჩევნო ცვლილებები განსაზღვრავდა ქვეყნის განვითარების ბედს. კონგრესის მნიშვნელობას თუ ვერ აცნობიერებს ხელისუფლება, მაშინ ძალიან მძიმედ გვქონია საქმე. არ მიხარია ამას რომ ვაბობ, რადგან ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელია“ ,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის განმარტებით, რეპუტაციული ზიანი ქვეყანას უკვე მიღებული აქვს და ეს პროცესი გაგრძელდება.

„ქმედებები პრობლემებს ვერ პასუხობს“ ,- დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.