თამარ ჩუგოშვილი - დავით ჭიჭინაძეს შეუძლია, როგორც ოპონენტს, გააგრძელოს „ქართული ოცნების“ ოპონირება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობაში არაჯანსაღ გარემოს ქმნიდა უმრავლესობის შიგნით და, შესაბამისად, პარტიის სამდივნომ მიიღო მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება.
როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალსიტებს განუცხადა, განსხვავებული, მათ შორის კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებასა“ და უმრავლესობაში არ არის, მაგრამ საუბარია საკუთარი გუნდის წევრების, დეპუტატების, პარლამენტის თავმჯდომარისადმი შეურაცხმყოფელ განცხადებებზე.
„ეს, ერთი მხრივ, ძალიან ართულებს უმრავლესობის მუშაობას. მეორე მხრივ კი, გარკვეული ფორმალური წესები არსებობს პარტიაში და ამ წესების, მინიმალური სტანდარტების დაცვა საჭიროა, რათა გუნდის ერთიანობა იყოს შენარჩუნებული. მთელი სერია იყო შეურაცხმყოფელი განცხადებების, რაც ნამდვილად არ დაწყებულა გუშინ. ჩვენ თვეების განმავლობაში გვქონდა მცდელობა, გვემუშავა დავით ჭიჭინაძესთან, გვქონდა მცდელობა, ეს მოვლენები ასე არ გაგრძელებულიყო. თუმცა, მან აირჩია ეს გზა. მას შეუძლია, როგორც ოპონენტს, გააგრძელოს ოპონირება. განსხვავებული, მათ შორის კრიტიკული აზრის სიმცირე „ქართულ ოცნებასა“ და უმრავლესობაში არ არის, მაგრამ მეორე მხრივ განცხადებები, რომლებსაც დავით ჭიჭინაძე აკეთებდა, ხშირად იღებდა გუნდის წევრების მიმართ პიროვნული შეურაცხყოფის სახეს, რაც ბუნებრივია, ძალიან არაჯანსაღ გარემოს ქმნიდა უმრავლესობის შიგნით, შესაბამისად პარტია „ქართული ოცნების“ სამდივნომ მიიღო გადაწყვეტილება მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.