სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური ორწლინახევრიანი პაუზის შემდეგ, რინგზე მოგებით დაბრუნდა.
ექს-ჩემპიონი მანჩესტერში ალბანელ სეფერ სეფერის უპირისპირდებოდა. ბრძოლა მხოლოდ ოთხი რაუნდი გაგრძელდა და ის შოუს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ საკრივო ორთაბრძოლას. რეფერიმ გაფრთხილებაც კი მისცა ფიურის იმის გამო, რომ 30 კილოგრამით მჩატე მოწინააღმდეგეს ეთამაშებოდა, აბუჩად იგდებდა და ბრძოლასაც თითქოს არასერიოზულად უდგებოდა.
ბრიტანელს იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომ ოთხი რაუნდის შემდეგ, სეფერი რინგზე აღარ გავიდა და ფიურის ტექნიკური ნოკაუტით მოგება ჩაეთვალა.
ფიურის ბოლო ბრძოლა 2015 წლის ნოემბერში ჰქონდა ჩატარებული. მაშინ მან უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა და IBF-ის, IBO-ის, WBO-სა და WBA-ის საჩემპიონო ქამრები მოიპოვა. ამის შემდეგ, ბრიტანელმა ორი დოპინგ-ტესტი ჩააგდო და დისკვალიფიკაცია მიიღო. დეკემბერში სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ, ტაისონმა დაბრუნების შესახებ გამოაცხადა.
ფიურის პროფესიულ რინგზე 26 ბრძოლა და 26 მოგება (19 – ნოკაუტით) აქვს. სეფერიმ კარიერაში 23 ბრძოლის შემდეგ მეორედ წააგო .