ენტონი ჯოშუამ 5 წუთში მძიმე ნოკაუტით მოუგო ფრენსის ნგანუს [ვიდეო] #1TVSPORT
ენტონი ჯოშუამ 5 წუთში მძიმე ნოკაუტით მოუგო ფრენსის ნგანუს [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთში გაიმართა საკრივო ტურნირი Knockout Chaos-ი, რომლის მთავარ ორთაბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ენტონი ჯოშუა და MMA-დან კრივში გადასული ფრენსის ნგანუ. ბრძოლა ჯოშუამ მეორე რაუნდში ნოკაუტით მოუგო. ამ ყველაფერს პირველი რიგებიდან თვალს ადევნებდა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტაისონ ფიური.

სხვათა შორის, ფიურიმ ჯოშუას პირველ რაუნდში გამარჯვება იწინასწარმეტყველა და თითქმის გამოიცნო: ნოკაუტი მეორე რაუნდში და ორი ნოკდაუნი მანამდე.

ბრძოლა კლასიკური დაზვერვით დაიწყო ერთეული დარტყმებით: ჯოშუა ნგანუს მზადყოფნას კორპუსში დარტყმებით ამოწმებდა, მისი მეტოქე კი ცდილობდა, ენტონი ახლო მანძილზე დაეჭირა. ამ მხრივ, არცერთს არაფერი გამოუვიდა. მაგრამ პირველი რაუნდის ბოლოს ჯოშუამ ნგანუ რინგზე მარჯვენა პირდაპირი დარტყმის შემდეგ დააგდო – ნგანუ წამოდგა და უპრობლემოდ გაძლო გონგამდე.

მეორე რაუნდი პირველის ანალოგიურად დაიწყო და ბოლო წუთზე მიზანს მიაღწია ჯოშუას მარჯვენა ჰუკმა – ნგანუ ისევ ნოკდაუნში აღმოჩნდა. ამჯერად ჯოშუამ არ დაინდო მოწინააღმდეგე და იქვე მარჯვენა ოვერჰენდიც გამოიყენა – ნგანუ მძიმე ნოკაუტში ჩავარდა. ის ჟანგბადის ნიღბის დახმარებით გამოიყვანეს მძიმე მდგომარეობიდან. ნგანუმ მეორე ბრძოლა ჩაატარა პროფესიულ რინგზე და ორივეჯერ დამარცხდა. მანამდე მან ფიურისთან ორთაბრძოლა ქულებით დათმო.

„ბოდიში, ბიჭებო, ყველანი დაგაღალატეთ. დღეს ცუდი დღე იყო, მაგრამ ხვალ ახალი დღე დადგება. მადლობა ყველას სიყვარულისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნგანუმ.

„როცა ნგანუსა და ტაისონ ფიურის შეხვედრა ვიხილე, მივხვდი, რომ ამ ბიჭმა ჩხუბი იცის. საკუთარ თავს ვუთხარი: „მინდა მასთან შეხვედრა“. ის აღმაფრენას აძლევს ადამიანებს, ის დიადი ჩემპიონია.

მან წააგო, მაგრამ უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, ნგანუ დაბრუნდება. მე ვუთხარი მას, რომ კრივიდან არ უნდა წავიდეს. ის მიაღწევს წარმატებას“, – განაცხადა ბრძოლის შემდეგ ჯოშუამ და დაამატა, რომ მის გეგმებშია ტაისონ ფიურისა და ალექსანდრ უსიკს შორის მოგებულთან შეხვედრა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში.