„სვისკომი“ - ევროპის პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელ ღონისძიებაზე ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებიც იყვნენ წარმოდგენილი, უკრაინა, თურქეთი და საქართველო
„ევროპა ხელახლა ყალიბდება“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას შვეიცარული საინფორმაციო სააგენტო „სვისკომი“.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შექმნილი რეალობა ნამდვილად განსხვავებულია იმ სცენარისგან, რაც პუტინმა დაგეგმა: „საერთაშორისო სამართლის დარღვევით უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ის, რომ ევროპის დემოკრატიულად ორგანიზებული სახელმწიფოები კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს“.
ამასთან, სტატიის ავტორი წერს, რომ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შესაქმნელად პრაღაში 44 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა. დამფუძნებელ ღონისძიებას ევროკავშირის 27 ქვეყნის გარდა, ევროკავშირში გაწევრიანების ისეთი კანდიდატებიც ესწრებოდნენ, როგორიცაა უკრაინა, თურქეთი და საქართველო. თუმცა, რუსეთი და ბელარუსი შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.
„რასაც აქ ნახავთ, ეს არის ევროპული სოლიდარობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ“, – განუცხადა ჟურნალისტებს პრაღის სასახლეში ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა. მისი ბელგიელი კოლეგა ალექსანდრე დე კროო კი აღნიშნავს: „მთელი ევროპის კონტინენტი აქ არის, გარდა ორი ქვეყნისა: ბელორუსისა და რუსეთისა. ეს გვიჩვენებს, რამდენად იზოლირებულია ეს ორი ქვეყანა“.
ავტორის თქმით, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ეკუთვნის, რომელმაც 9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას, ბიძგი მისცა ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოების უფრო მჭიდრო გაერთიანებას.
ავტორი აღნიშნავს, რომ ევროპის სახელმწიფოთა თანამეგობრობაში პუტინის რუსეთის ადგილი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი სამუდამოდ უნდა დარჩეს გარიყული.
სტატიის ავტორის თქმით, ემანუელ მაკრონმა ნათლად განაცხადა სტრასბურგში: „ომი უკრაინაში და უკრაინელი ხალხის, ისევე როგორც მოლდოვასა და საქართველოს ლეგიტიმური სურვილი, გაწევრიანდნენ ევროკავშირში, გვამხნევებს, გვაძლევს საშუალებას გადავიაზროთ ჩვენი გეოგრაფია და ჩვენი კონტინენტის მოწყობა“. სტატიის ავტორი ასევე იხსენებს ემანუელ მაკრონის ნათქვამს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, თუ არა ათწლეულები. ამიტომ აუცილებელია პოლიტიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალი სივრცის შექმნა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრა „რუსეთის გარეშე ახალი წესრიგის მოძიების შესაძლებლობას იძლევა“.
გახსნის ცერემონიის შემდეგ მონაწილეებმა დისკუსიები გამართეს უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კლიმატის დაცვის, ეკონომიკისა და მიგრაციის თემებზე. კონკრეტული შეთანხმებები ჯერ არ გაფორმებულა. ამიტომ ერთობლივი საბოლოო დეკლარაცია არ იგეგმება“, – ნათქვამია სტატიაში.