ჩეხეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ მუშაობენ ვერსიაზე, რომლის მიხედვით, პრაღაში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი გასულ კვირას ორი ადამიანის მკვლელობასთანაა კავშირში
პრაღაში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი გასულ კვირას ორი ადამიანის მკვლელობასთანაა კავშირში, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და პოლიციის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მუშაობენ ვერსიაზე, რომ დღევანდელი მსროლელი იყო პასუხისმგებელი გასულ კვირას პრაღის მახლობლად, კლანოვიცკის ტყეში ორი ადამიანის მკვლელობაზე.
ამასთან, პრესკონფერენციაზე ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუსანმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტის შენობაში დიდი რაოდენობით იარაღი იპოვეს.
„პოლიციის სწრაფი რეაგირების გარეშე, ჩვენ შეიძლებოდა, გვყოლოდა გაცილებით მეტი მსხვერპლი“, – აღნიშნა რაკუსანმა.
ჩეხეთის პოლიციის უფროსის თქმით, ეჭვმიტანილს იარაღის ტარების ნებართვა ჰქონდა.
შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.