სვენ მიქსერი - ვფიქრობ, შევძელით კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა, რომელიც გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მიმართ
სვენ მიქსერი - ვფიქრობ, შევძელით კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა, რომელიც გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მიმართ

ვფიქრობ, შევძელით კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა, რომელიც ასახავს შეხების წერტილებს და გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მიმართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ დღეს მიღებულ კომპრომისულ შესწორებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ტექსტი ადეკვატურად ასახავს ასოცირების შეთანხმების პროგრესს და პარლამენტის პოზიციას, თუ რისი გაკეთებაა საჭირო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რათა შესრულდეს მოსახლეობის ლეგიტიმური იმედები და მისწრაფებები.

„მოლაპარაკების საკმაოდ რთული პროცესი იყო და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას კონსტრუქციული მიდგომისთვის. ვფიქრობ, შევძელით კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა, რომელიც ასახავს შეხების წერტილებს და გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ტექსტი ადეკვატურად ასახავს ასოცირების შეთანხმების პროგრესს და პარლამენტის პოზიციას, თუ რისი გაკეთებაა საჭირო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რათა შესრულდეს მოსახლეობის ლეგიტიმური იმედები და მისწრაფებები. ეს ასევე ასახავს გამართლებულ კრიტიკას სხვადასხვა სფეროში საქართველოს ხელისუფლების ქცევასთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. ანგარიშს მხარი დაუჭირა 47 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო ხუთი, ორმა კი თავი შეიკავა.