გიორგი შარაშიძე - სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ, ზოგადად, მედიაში არავინ უნდა ჩაერიოს
სამივე მედიასაშუალება რეალურად დამოუკიდებელი რომ იყოს, მაშინ მათი მხარდამჭერი პოზიცია გვექნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მედიები პარტიული ტელევიზიები, პარტიული მედიები არიან და ხელისუფლების პროპაგანდას ემსახურებიან, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარაშიძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის მიერ ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
„სიმართლე არ არის, როცა „ოცნება“ ამბობს, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ცუდია და თავისუფალი მედიის საქმიანობას ზღუდავს. ეს ტელევიზიები სიმართლეს არ ემსახურებიან და დეზინფორმაციას ავრცელებენ, მით უფრო, რაც საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება. თავისუფალ მედიაზეა როცა არის საუბარი, ნებისმიერი შეზღუდვა მიუღებელია, მაგრამ ამ ტელევიზიებზე როცა ვსაუბრობთ, ისინი ტყუილებს, დეზინფორმაციას ავრცელებენ. ჯერ თავად გახდნენ თავისუფლები, დამოუკიდებლები და მოემსახურონ სიმართლეს. ზოგადად, მედიაში არავინ უნდა ჩაერიოს, რადგან ხელშეუხებელია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა ტელეკომპანიას საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა. პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას განცხადებით კი, ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალეს „იმედს“, რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“.