გიორგი ახვლედიანი - ევროდეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა გადაქცეულია ფულის კეთების მანქანად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამ პოლიტიკურ საქმიანობას ამოძრავებს მხოლოდ საჰონორარო სისტემა
გიორგი ახვლედიანი - ევროდეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა გადაქცეულია ფულის კეთების მანქანად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამ პოლიტიკურ საქმიანობას ამოძრავებს მხოლოდ საჰონორარო სისტემა

სამწუხაროდ, ევროდეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა გადაქცეულია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ფულის კეთების მანქანად, – ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი ახვლედიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

„ევროპარლამენტში მათ საქმიანობას რომ დავაკვირდეთ, არაფერი ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საქმიანობა არ მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით რაღაც ლიბერალური შიზოფრენიის და ყველა ქვეყანაში ლგბტ სტანდარტების გამყარება-გაძლიერებას, რაზეც დიდ ენერგიას ხარჯავენ. დანარჩენი, პრაქტიკულად, იქ რამე განსაკუთრებული საქმის კეთება, მით უმეტეს, საკანონმდებლო საქმიანობა არ შეინიშნება. ძირითადად, ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გადასულია პირდაპირ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ფულის კეთებაზე, რაც შეიძლება, როგორმე მეტი თანხის გამომუშავებაზე იმ ოთხი წლის განმავლობაში, ვიდრე არის პარლამენტარი და ამის საშუალებას იძლევა ის, რომ ევროპარლამენტია და დაინტერესება მის მიმართ უზარმაზარია უამრავი ქვეყნიდან გამომდინარე“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ამ განცხადებით გიორგი ახვლედიანმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს მედიის დასანქცირება თანამედროვე ევროპულ პოლიტიკაში, ეს არის სამართლებრივი, პოლიტიკური ზეწოლა თუ დაშინების მცდელობა?

ახვლედიანის თქმით, ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსის მობილიზებაა და ეს კეთდება უმარტივესი ფორმებით, რადგან ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადება იწვევს გარკვეულ მსუბუქ რეზონანსულ რყევებს ევროკავშირის მასშტაბით, მაგრამ სერიოზულ რყევებს იმ სახელმწიფოებში, საიდანაც დაინტერესება ჩნდება, მით უმეტეს, თუ ესენი არიან პატარა სახელმწიფოები, რომლებზეც გავლენას ახდენს ის უზარმაზარი მასშტაბი, რასაც ევროკავშირი ჰქვია.

„მაგალითად, იგივე საქართველო, რომლის ოპოზიციური სპექტრი, უკვე დაახლოებით 13 წელია, დამოკიდებულია მხოლოდ ერთადერთ რამეზე, როგორ გადმოუგდებს მათ მაშველ რგოლს რომელიმე ევროსტრუქტურა, იქნება ეს ევროპარლამენტი, ამ ევროპარლამენტში კონკრეტული ფრაქცია, EPP თუ სხვა თუ ევროკომისია გადმოაგდებს კიდევ რაღაცას იქიდან, ან ფონ დერ ლაიენი, თუ სხვა მაღალი რანგის მაღალჩინოსანი იტყვის რამეს ხომ მთლად კარგი. ამით საზრდოობს ის რადიკალური ოპოზიციური სპექტრი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, რომელიც, მათდა სამწუხაროდ, პოლიტიკისგან იმდენად შორს არის, თვითონ ვერანაირ დღის წესრიგს ვეღარ ქმნის და მთავარია, იქიდან წამოვიდეს რაღაც სამაშველო რგოლი. გაჩნდება კითხვა, საიდან ამ ყველაფრის ფინანსური რესურსი, რადგან, 13 წელიწადია, ეს კრიმინალები, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას, აღარ არიან ფინანსურ რესურსთან ახლოს, მაგრამ ჩვენ კიდევ არ გვაქვს კარგად გააზრებული და წარმოდგენილი, რამხელა მასშტაბის ფინანსური რესურსის მობილიზება მოახერხეს მათ იმ ცხრა წლის განმავლობაში, ღიად, ყოველგვარი დაფარვის გარეშე. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ყოველწლიურად 50 მილიონი პრეზიდენტის ფონდიდან და 50 მილიონი მთავრობის ფონდიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის მიხედვით განიკარგებოდა, რა ნება-სურვილი ჰქონდათ პრეზიდენტს და მთავრობას ამ ფულთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, საბიუჯეტო კოდექსის მიღების შემდეგ ყოველწლიურად, მთელი ეს 100 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტიდან გახდა ჯიბის ფული“, – განაცხადა ახვლედიანმა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ის ზღვარი, რომლითაც მაშინ კმაყოფილდებოდნენ და ნურავის შეექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ მიმართულებით ფულადი რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს.

„არიან კონკრეტული ადამიანები, სააკაშვილის ბიძით დაწყებული, გაგრძელებული სხვადასხვა ამ „ობშიაკის“ მაყურებლებით, რომლებიც უზარმაზარი თანხით გავიდნენ საქართველოდან, შესაბამისად, ეს ადამიანები დღესაც საქმეში არიან და ის ფული იხარჯება დღესაც. არცერთ იმ ევროდეპუტატს, 99%-ს მაინც, წარმოდგენა არ აქვს, სად არის ეს საქართველო; ჰორმუზის სრუტე, ირანი და საქართველო კი არა, ელემენტარულად, ევროპაში რომ ჰკითხო რომელიმე ქვეყანა, იმას ვერ დაგისახელებენ, რუკაზე 80% იმას ვერ გაჩვენებს, რეალურად, სად საფრანგეთია და სად რომელიმე ქვეყანა, ბელგიაზე აღარ მაქვს საუბარი. როდესაც ვსაუბრობთ ისეთ დეპუტატებზე, როგორიც არის მარკეტა გრეგოროვა, რომელიც გამოდის და თავის რაღაც ინიციატივას ახმოვანებს, იქვე ჩანს, რა მძიმე მდგომარეობაშია ზოგადად ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ის წარადგინა და ის ფრაქციაც, სადაც ახლა ის მუშაობს. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერში ეს ადამიანები იღებენ კონკრეტულ ჰონორარს. რასა იუკნევიჩიენე, რომელიც არის უკვე სტაჟიანი კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებისა საქართველოში, სერიოზულ ჰონორარულ სისტემაზეა აწყობილი. შედარებით ნაკლებს იღებენ ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ღილაკზე ხელს აჭერენ. ახლა იმის რესურსიც არ არის, ყოველდღიურ რეჟიმში მთელ ევროპარლამენტს გადაუხადო ამის თანხა, მთელს ვერც იყიდი, მაგრამ იმისთვის საკმარისი რაოდენობა, რომ ინიციატივა რეზოლუციის სახით მიიღო, სადაც კეზერაშვილს მედიამაგნატად ჩაწერ, სააკაშვილზე კი დაწერ, ამ ადამიანს ტვინის განლევადობა ემართება და სასწრაფოდ სამკურნალოდ პოლონეთში გადაიყვანეთო, ამისთვის საჭირო 50-60 ადამიანს იპოვიან და ცარიელ დარბაზში მოხდება ამ რეზოლუციის მიღება. ასეთივე მდგომარეობაა არა მარტო ევროპაში, არამედ აშშ-შიც. აბსოლუტურად იგივე ვითარებაა, მაგალითად, იმავე ჯო უილსონთან დაკავშირებით, ნურავინ ნუ წარმოიდგენს იმას, რომ ჯო უილსონი რაღაც იდეისთვის მუშაობს. მადლობა ღმერთს, FARA არსებობს, რომელიც პირდაპირ ამჟღავნებს, რომელმა ქართველმა, ყოფილი ხელისუფლების რომელმა წარმომადგენელმა რა თანხა ჩარიცხა, რომ მერე უილსონის ლობისტურმა კომპანიამ ეს ყველაფერი გაანაწილოს საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამისად, გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ამ ფინანსური სისტემით მუშაობს. სხვა არაფერი არ ამოძრავებთ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამ პოლიტიკურ საქმიანობას ამოძრავებს მხოლოდ საჰონორარო სისტემა“, – განაცხადა ახვლედიანმა.