შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე, საქართველოს რაკეტებსაც დაგვიშენენ, საბედნიეროდ, ამის ძალაუფლება არ აქვთ
ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე, საქართველოს რაკეტებსაც დაგვიშენენ, მათ ჭკუა არ მოეკითხებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციებს ევროკავშირიც გაიზიარებს?
„საბედნიეროდ, იმის ძალაუფლება არ აქვთ, რომ რაკეტები ჩვენკენ გამოისროლონ, თორემ, გარწმუნებთ, ნება რომ მისცეთ, რაკეტებს დაგვიშენდნენ, აქ ჯარს შემოიყვანდნენ და თან აქაურები გაამართლებდნენ, რომ კი, ჯარი დემოკრატიის დასამყარებლად შემოვიდაო.
ვგულისხმობ იმ ხალხს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოირჩევა თავის მტრული დამოკიდებულებით. აქ არაფერი გასაოცარი არ არის. მით უმეტეს, ბოლო პერიოდში ევროპარლამენტში ვიხილეთ თავისუფალი მედიის შეზღუდვის მცდელობები. ევროპარლამენტში როცა ასეთი მტრული გარემოა ქართველი ხალხის მიმართ, იქ გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.