სოფო ნიკოლაიშვილი - დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ არანაირი კრიტიკა აღარ არსებობს, პირდაპირი ზეწოლაა ევროპარლამენტის სტრუქტურებიდან, ხშირ შემთხვევაში საქართველოდან უწერენ რეზოლუციების ტექსტებს
სოფო ნიკოლაიშვილი - დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ არანაირი კრიტიკა აღარ არსებობს, პირდაპირი ზეწოლაა ევროპარლამენტის სტრუქტურებიდან, ხშირ შემთხვევაში საქართველოდან უწერენ რეზოლუციების ტექსტებს

ჩვენ, დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ არანაირი კრიტიკა აღარ არსებობს კონკრეტულად ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ევროპარლამენტის სტრუქტურებიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა სოფო ნიკოლაიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ადამიანები, ვინც იქ არიან, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს თემას კურირებენ, სამწუხაროდ, აბსოლუტურად გამარგინალდნენ ბოლო წლების განმავლობაში და პირდაპირ ზეწოლას ახორციელებენ. ხშირ შემთხვევაში მათ საქართველოდან უწერენ რეზოლუციების ტექსტებს, ყველანაირი კრიტიკის ტექსტებს საქართველოდან აწვდიან, როგორც წესი, გაუმყარებელი არგუმენტებით, ზოგადი რაღაც ფრაზებით და სწორედ ეს იყო ეს ბოლო შემთხვევა. „იმედის კვირამ“ გაუგზავნა წერილი ევროპარლამენტს, ვაპირებთ ჩამოსვლას და შემოსვლის უფლებას, აკრედიტაციას თუ მოგვცემთ. მისცეს ეს უფლება, ჩავიდა ჩვენი ჟურნალისტი ლეო სიხარულიძე და დასვა ძალიან მარტივი შეკითხვა, რას ეყრდნობოდა რეზოლუცია, სადაც საუბარი იყო, რომ „იმედი“ ავრცელებს დეზინფორმაციას და ასე შემდეგ; დეზინფორმაციის ერთი რომელიმე ფაქტი დაგვისახელეთო, რასა იუკნევიჩიენეს სთხოვდა დიდი ხნის განმავლობაში. მას პასუხად არანაირი არგუმენტი არ ჰქონდა და თქვა, რომ ლანჩის დროა, ლეოს უნდა მიემართა მისი თანაშემწისთვის და ასე შემდეგ, მოკლედ, დიდხანს ირბინა. სევდიანია ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან კომიკური იყო ის ფაქტი, რომ დაახლოებით 20 დეპუტატი ჩაწერა ლეომ და უმრავლესობა მათგანი საერთოდ აზრზე არ იყო, რაზე იყო საუბარი. ანუ, ეს ადამიანები ხმას ისე აძლევენ რაღაც რეზოლუციებს, რომ არც კი იციან მისი შინაარსი და რას ეხება. ქვეყანა, შესაძლოა, იციან, მაგრამ, როგორც ირანი ვერ იპოვა უმრავლესობამ რუკაზე, ასევე, ეჭვი მაქვს, საქართველოს საერთოდ ვერ იპოვიან. ამ დროს კი ამ ქვეყანაზე იღებენ უამრავ რეზოლუციას ორ დღეში ერთხელ. ეს ფაქტად დაიდო, რომ არც კი იციან, რაზეა საუბარი. ანუ, დაახლოებით ვხვდებით ხომ, რასთან გვაქვს საქმე, რა დონის ცინიზმთან“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როცა ევრობიურიკრატები დეკლარირებენ დემოკრატიის დაცვას, ეს არის ორმაგი სტანდარტი და აბსოლუტური ზეწოლა მედიაზე, რითაც ცდილობენ, მედია შეასუსტონ.

„ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ისვენებენ და აწვდიან აქედან დეზინფორმაციას. რა თქმა უნდა, ტელეკომპანია „იმედი“ არის მათთვის საფრთხე, ვიდრე ტელეკომპანია „იმედი“ მაუწყებლობს და მას გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ვინაიდან აქვს ძალიან დიდი რეიტინგი და ხალხის ნდობა, ეს მათთვის არის საფრთხე. საფრთხე იყო სააკაშვილისთვის, როდესაც ეს ტელევიზია დაარბია და მათთვის საფრთხეა ახლაც“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს პროცესები სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მედიასაშუალებების დარბევის და მისაკუთრების გაგრძელება, სოფო ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ ეს აბსოლუტურად ასეა.

„რაღა დროს 7 ნოემბერია, რატომ გვიხსენებთო, რომ გვეუბნებიან, არ დასრულებულა ეს პროცესი არანაირად. 7 ნოემბერი გრძელდება წლების განმავლობაში, ვიდრე ისევ არ მიიტაცებს ეს ძალა ხელისუფლებას, მათ ასე წარმოუდგენიათ ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მაშინ სააკაშვილს ჰქონდა ეს ძალაუფლება და ასე შემოვიდა, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, გაზის ბალონებით, მოგვწამლეს ჟურნალისტები და ასე შემდეგ, დღეს კი ასე გრძელდება ასეთი მავნებლური საქმიანობა, ძირის გამოთხრა „იმედისთვის“, სხვა ტელევიზიებისთვისაც, მაგრამ „იმედი“ განსაკუთრებულ პრობლემად წარმოუდგენიათ არსებული რეიტინგის გამო. ასე წარმოუდგენიათ, რომ მათი ხელისუფლებაში მობრუნების გზაზე ერთ-ერთი ძლიერი წინაღობა არის ეს ტელეკომპანია და, შესაბამისად, ყველანაირად ცდილობენ, დაასუსტონ და გაანეიტრალონ. ეს არის ყველაფერი“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტში ყველა დეპუტატი არ ემორჩილება ბიუროკრატიის წესებს.

„ლეო სიხარულიძემ იქ ჩაწერა, მაგალითად, გერმანიაში ერთ-ერთი უძლიერესი პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ, რომ ამ კომისიის მოქმედება, რომელიც საქართველოს თემებზე მუშაობს რასა იუკნევიჩიენეს ხელმძღვანელობით და ეს რეზოლუციები არის დამოუკიდებელ ტელევიზიაზე, თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლა“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

სოფო ნიკოლაიშვილმა ასევე გაიხსენა, როგორ მოხდა „იმედის“ დარბევის შემდეგ ჟურნალისტების ნაწილის დაშინება, უმრავლესობის ფულით გადაბირება და აღნიშნა, რომ ფულის შეთავაზების მეთოდს მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარების მიმართაც წარმატებით იყენებს.

„ჩვენ ვიცით, რომ „სახალხო პარტია“ განსაკუთრებით დაახლოებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, დაკავშირებულია ასევე, სავარაუდოდ, ფინანსური კეთილდღეობითაც და ეს არ არის გასაკვირი, რაც ხდება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა აქვს“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.