„სუს-ის თანამშრომლები სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად კონტრდაზვერვის საქმიანობისას ისარგებლებენ“
სუს-ის თანამშრომლები სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად მხოლოდ საგარეო კონტრდაზვერვის საქმიანობისას, ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისთვის ისარგებლებენ – ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სუს-ის თანამშრომელს სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება, დაზვერვის შესახებ კანონში ისედაც არსებობდა. როგორც სესიაშვილმა განმარტა, დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანების შემდეგ მოქმედი მუხლი ავტომატურად გადავა “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში.
„მას შემდეგ, რაც დაზვერვის სამსახური შეუერთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ეს მუხლი ავტომატურად გადავა “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში. თუმცა იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეეძლო, ეს მუხლი სხვა მიმართულებითაც გამოეყენებინა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა იმსჯელა და კომიტეტის დასკვნაში, რაც მთავრობამ გაითვალისწინა, აღნიშნა, რომ მუხლი უშუალოდ შეეხება საგარეო კონტრდაზვერვის საქმიანობას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც სუს-ის თანამშრომელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება.
აღნიშნული საკანონმდებლო პროექტი, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.