სულხან სალაძე - მმართველმა პარტიამ მოახერხა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მისი ერთადერთი მხარდამჭერი სასამართლო სისტემაში არსებული კლანია
მმართველმა პარტიამ მოახერხა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მისი ერთადერთი მხარდამჭერი სასამართლო სისტემაში არსებული კლანია, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.
„მინიმუმ სამი წელია, უზენაეს სასამართლოში მცირდება წევრების რაოდენობა. ეს ჩვენ რასაც ვხედავთ. ნუ გვესაუბრებით, რომ დღეს არის ეს კრიტიკული სიტუაცია შექმნილი. სასამართლო სისტემაში უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობა. კარგად მოიკითხეთ, სასამართლო სისტემაში როგორ იღება მოსამართლეების დაკეტილი კაბინეტები და რა სურათებს ახვედრებენ მათ სამუშაო ოთახებში. ამაზე მოსამართლეები საუბრობენ. კანონპროექტის განხილვა ორი კვირა რომ გადავწიოთ, თურმე ამით ქვეყანა დაიქცევა. მმართველმა პარტიამ მოახერხეთ, რომ ერთადერთი მხარდამჭერი ამ პროცესში არის ის კლანი, რომელიც სასამართლოშია. ნახეთ მათი ბოლოდროინდელი განცხადებები. ერთი-ერთში ემთხვევა, საუბრობენ, რომ დიახ, ასე უნდა იყოს, ასე უნდა მივიღოთ, ეს არის საუკეთესო ვარიანტი. ვისთვის არის ეს სასამართლო ამ ქვეყანაში? ეს სასამართლო არის ხალხისთვის, თუ ეს არის სასამართლო, რომელიც სჭირდება კონკრეტულ ჯგუფს?!
ყველაფერთან ერთად უხერხულ მდგომარეობაში აგდებთ ვენეციის კომისიას. თქვენ პირველ მოსმენაზე თქვით, რომ დაელოდებოდით და იქ არ იყო ნათქვამი, რომ ამ პროცესს მხოლოდ პლენარულ სხდომაზე დაელოდებოდით. დღეს ამბობთ, რომ კომიტეტზე განვიხილავთ, მაგრამ პლენარულზე გავითვალისწინებთ“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით 20 მარტს დაუჭირა მხარი.