უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. კომიტეტმა წარდგენილ კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს, მის წინააღმდეგ ლევან იოსელიანი წავიდა.

კომიტეტის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს თამარ ოქროპირიძეს, წინააღმდეგ წავიდა ლევან იოსელიანი. კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს ნინო სანოძესაც, თუმცა ლევან იოსელიანი და ფრიდონ ინჯია მის წინააღმდეგ წავიდნენ.

ასევე კომიტეტმა მხარი დაუჭირა კიდევ ერთ კანდიდატს თეა ძიმისტარაშვილს, მის წინააღმდეგ წავიდა ლევან იოსელიანი. კომიტეტი მხარდაჭერილ კანდიდატებს რეკომენდაციას გაუწევს და მათ პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად დღეს წარადგენს.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა. ესენი არიან: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი. პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 25 ნოემბერს დაიწყო.