პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი წინააღმდეგ წავიდა.

ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და არჩევის წესს განსაზღვრავს. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიიღება კი შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება.

ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე, კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ, თითოეულ კანდიდატს კითხვით მიმართონ.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს.

ინიციატივის მიხედვით, კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაადგენს, რომელიც ამ მიზნით სამუშაო ჯგუფს შექმნის. კომიტეტი საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს, კანდიდატები კი დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ.

ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის კენჭს.

კენჭისყრაზე დადგა იმავე თემაზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა ჩააგდო. პროექტს მხარი მხოლოდ 24-მა დეპუტატმა დაუჭირა, 42 კი წინააღმდეგ წავიდა.