სულხან სალაძე - კარვებით გზის გადაკეტვა დასაშვები არაა, თუ აქციაზე ხალხის დიდი რაოდენობა არ ფიქსირდება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ კანონმდებლობით, თუ ხალხის დიდი რაოდენობა აქციაზე არ ფიქსირდება, კარვებით გზის გადაკეტვა დასაშვები არაა.
მისი განმარტებით, სამართალდამცველებს ასეთ დროს აქვთ უფლება, იზრუნონ სავალი გზის გათავისუფლებაზე.
„მოქმედი კანონმდებლობა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს არ გამორიცხავს თავისთავად ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილის გადაკეტვის შესაძლებლობას. კანონმდებლობით, თუ ხალხის რაოდენობა აღწევს ისეთ ციფრს, სადაც კონკრეტულ ადგილას შეუძლებელია გზის გადაკეტვის გარეშე, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, შეიძლება, გზა გადაიკეტოს. თუკი პოლიციის, თვითმართველობის წარმომადგენლებმა შეაფასეს სიტუაცია, რომ ქუჩის გადაკეტვა ამ შემთხვევაში და იქ მყოფი ადამიანების რაოდენობა პროპორციულად არ იყო ერთმანეთთან თანხვედრაში, რა თქმა უნდა, კანონის მოთხოვნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, მათ ჰქონდათ უფლება, ქუჩა გაეხსნათ და მიეცათ გადაადგილების საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ განთავსებული კარვები დაშალეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დაკავებულთა შორისაა ნიკა მელია, ასევე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ აქცია „ნუ მომკლავ“ გაიმართა. აქციის შემდეგ, მონაწილეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო. სამართალდამცველებმა დღეს რუსთაველის გამზირზე კარვები საავტომობილო გზიდან პარლამენტის წინ არსებულ ტერიტორიაზე გადაიტანეს და გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განახლდა.