სულხან სალაძე - არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულ პირს აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება, კენჭისყრის დღეს იარაღით გადაადგილება, თუნდაც პარტიის ოფისთან, არ არის კარგი ჟესტი
სულხან სალაძე - არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულ პირს აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება, კენჭისყრის დღეს იარაღით გადაადგილება, თუნდაც პარტიის ოფისთან, არ არის კარგი ჟესტი

არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ პირს აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება, კენჭისყრის დღეს იარაღით გადაადგილება, თუნდაც პარტიის ოფისთან, არ არის კარგი ჟესტი, – ასე ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიმიტრი შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარების საკითხს.

სალაძის შეფასებით, მსგავსი ქმედება „მიზანშეწონილი არ არის“.

„არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ პირს აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება, თუ ტარების უფლება აქვს, არჩევნებზე, კენჭისყრის დღეს იარაღით გადაადგილება, თუნდაც პარტიის ოფისთან ვფიქრობ, რომ არ არის კარგი ჟესტი. მით უმეტეს, ეს ხდება იმ რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულია დღეს და დარღვევების ძალიან დიდი ნაწილი, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებისა მოდის სწორედ ქვემო ქართლის რეგიონზე. ამიტომაც, მე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკაონ მსგავსი ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება თუნდაც ხელოვნურად დაძაბოს უბნებზე ან უბნების მიმდებარედ ხელოვნურად სიტუაცია. ამ ეტაპზე, მე ვერ ვისაუბრებ რეაგირების ნაწილზე, მე ვიცი მხოლოდ მათი განცხადებები, რომ მათ აქვთ ტარების უფლება. ამ ეტაპზე მხოლოდ შეფასება შემიძლია გავაკეთო, რომ ჩემთვის, როგორც ერთი ამ ქვეყნის ამომრჩევლისათვის ჟესტი, რომ ვიღაც უბნების მიმდებარედ, ან თუნდაც პარტიულ ოფისებთან შეიძლება გადაადგილდებოდეს იარაღით, ეს არ არის კარგი და მისასალმებელი ტენდენცია. ამომრჩევლის ნებაზე, როგორც ჩანს, დღეს ბევრი რამ ახდენს გავლენას“, – განაცხადა სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა. თუმცა, შაშკინმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. ამასთან, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ იარაღით გადაადგილდება.