დიმიტრი შაშკინი ადასტურებს, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში დღეს იარაღით გადაადგილდებოდა

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი მხარდამჭერებთან ერთად იარაღით გადაადგილდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტო ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში, საარჩევნო უბანთან არის გადაღებული.

დიმიტრი შაშკინი ადასტურებს, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში დღეს იარაღით გადაადგილდებოდა. თუმცა, დიმიტრი შაშკინი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა.

„მე მაქვს უფლება მინიჭებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რომ ვატარო პირადი ცეცხლსასროლი იარაღი. საარჩევნო უბნებზე მე არ შევდივარ, რადგან უფლებაც კი არ მაქვს, როგორც კანდიდატს, რომ შევიდე, ბეიჯიც კი არ მაქვს. სადაც ვიმყოფები, მე შემიძლია ვატარო იარაღი შსს-ს მიერ მინიჭებული უფლებით“, – აღნიშნა შაშკინმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

შეკითხვაზე, ყოველთვის ატარებს იარაღს, თუ საარჩევნო დღეს დადის ცეცხლსასროლი იარაღით, შაშკინმა განაცხადა, რომ იარაღს ყოველთვის ატარებს.

დატოვე კომენტარი