საია-ში აცხადებენ, რომ გლდანის 79-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირებაზე გამოძიება ძალადობის მუხლით უნდა დაწყებულიყო
საია-ში აცხადებენ, რომ გლდანის 79-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირებაზე გამოძიება ძალადობის მუხლით უნდა დაწყებულიყო

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არასწორი მუხლით დაიწყო.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, შსს-ს გამოძიება ძალადობის კვალიფიკაციით უნდა დაეწყო და არა – ნივთის დაზიანების.

„გლდანის ოლქის 79-ე საარჩევნო უბანთან „პუბლიკის“ ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირი მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა. ამავე უბანთან მიმდინარე დაპირისპირების დროს, სახის არეში დაზიანება მიიღო „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ნივთის დაზიანების (სსკ-ის 187-ე მუხლი) კვალიფიკაციით, რაც წარმოადგენს არასრულყოფილ კვალიფიკაციას, რადგან გამოძიება უნდა დაწყებულიყო სსკ-ის 126-ე (ძალადობა) და 154-ე მუხლებითაც (ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა). საია მოუწოდებს შსს-ს, დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებისას.

იმ შემთხვევაში, თუ შსს საქმეს არ გადააკვალიფიცირებს, არასამთავრობო ორგანიზაცია მზად არის, იურიდიული დახმარება გაუწიოს ჟურნალისტებს და შესაბამისი სარჩელი შეიმუშაოს“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია ხუთი პირი.