სულხან სალაძე - არავინ ავალებდა მმართველ პარტიას ნულოვან ბარიერს, თუ ეს ქვეყნისთვის უბედურება იყო
სულხან სალაძე - არავინ ავალებდა მმართველ პარტიას ნულოვან ბარიერს, თუ ეს ქვეყნისთვის უბედურება იყო

ხელისუფლებას არ ჰქონდა ამოწურული მოლაპარაკებების ფორმები და პირდაპირ საუბრობდა, რომ არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ იქნება, მოვალთ და ამ ყველაფერს გავწმენდთო, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პიკეტირების ამ ფორმას აქვს პრობლემა კანონთან, თუმცა, როდესაც პიკეტირებას პასიური ფორმა ჰქონდა და ეს არ იყო ფორმა, როდესაც ერთი მხარე აგრესიულად ცდილობდა შტურმს ან ასეთ რაღაცას, ამ დროს ხელისუფლებას არ ჰქონდა ამოწურული მოლაპარაკებების ფორმები და პირდაპირ საუბრობდა, რომ არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ იქნება, მოვალთ და ამ ყველაფერს გავწმენდთო. ცხადია, ამან გარკვეული ტიპის პრობლემა შექმნა“, – განაცხადა სალაძემ.

ამ განცხადებით სულხან სალაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა კანონიერი პიკეტირება, რაზეც საზოგადოებაში დისკუსია მიდის.

მისი თქმით, როდესაც არის პრობლემა, პიკეტირება, ბლოკირება, ქუჩაში პროტესტი კანონიერია თუ უკანონო და ცდება თუ არა ის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ამას პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს, მაგრამ ჩვენთან სასამართლო ასეთ კითხვებს პასუხს ვერ სცემს.

„ამის ბოლო დემონსტრირება იყო 18 ნოემბერს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო სხდომები“, – განაცხადა სალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან განხილვის საგანი გახდეს პლებისციტი, რა ინიციატივაც დღეს დეპუტატმა აკაკი ზოიძემ დააყენა, სულხან სალაძემ განაცხადა, რომ ეს საინტერესო შემოთავაზებაა, მაგრამ ახლა იმის მოლოდინი არავის აქვს, რომ მმართველი პარტია ამას გააკეთებს.

„ეს საინტერესო შემოთავაზებაა. თუმცა, თუ მმართველი პარტიის უმრავლესობის უმრავლესობა გულწრფელი იყო იმ იდეასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარებულიყო, ახალ ინიციატივაზე მუშაობა მომდევნო კვირის პირველივე სამუშაო დღეს, ორშაბათს რომ დაიწყონ, ხელი მოაწერონ და დაარეგისტრირონ, ამის მოსწრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შესაძლებელია, მაგრამ ცხადია, ამის მოლოდინი ახლა არავის აქვს“, – განაცხადა სალაძემ.

როგორც სალაძემ აღნიშნა, პლებისციტი შესაძლოა დროში გაწელილი პროცესი იყოს, რადგან ამას ფინანსები და ორგანიზება სჭირდება, დროის გაყვანა კი მხოლოდ ხელისუფლებაზე მუშაობს.

„დროის გაყვანა სხვა არავის სასარგებლოდ არ მუშაობს. ისევე, როგორც ვადამდელი არჩევნები შეიძლება, ყველაზე ადრე, მმართველ პარტიას აწყობდეს“, – განაცხადა სალაძემ.

მისი თქმით, მმართველი პარტიისთვის არჩევნები ნულოვანი ბარიერით არავის უთხოვია და ეს „ქართული ოცნების“ იდეა იყო.

„ვინმე ავალებდა მმართველ პარტიას ნულოვან ბარიერს, თუ ეს ასეთი საშინელება და უბედურებაა ამ ქვეყნისთვის? არავინ ავალებდა. ეს მათი იდეა იყო. როცა ვამბობთ, რომ თითქოს მმართველმა პარტიამ ამ პროცესში საფრთხე დაინახა, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველი უბრალოდ, გადააგდო. აი, ეს იყო მოცემულობა“, – განაცხადა სულხან სალაძემ.