სულხან ბაბუაძე - როდესაც ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს, გადმომაბარეს მხოლოდ მრგვალი ბიჭები, დღეს კი ფედერაცია დგას ფეხზე
ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე აბსურდულს უწოდებს მწვრთნელების ნაწილის ბრალდებას, რომ მას ვიღაც მფარველობს.
„ხელისუფლებაში მფარველი ნამდვილად არ მყავს. მე მაქვს ძალიან კარგი წესდება, რომელიც მმფარველობს იმ მხრივ, რომ ყველაფერი გაწერილია შიგნით. სწორედ იმის მიხედვით მუშაობს ფედერაცია. ფედერაციას ჰყავს ძალიან ძლიერი გამგეობა, მუშაობს იმისათვის, რომ განავითაროს ქვეყანაში ტაეკვონდოს სახეობა. როდესაც ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს, გადმომაბარეს მხოლოდ მრგვალი ბიჭები, დანარჩენი ყველაფერი განადგურებული იყო, დღეს კი ეს ფედერაცია დგას ფეხზე, არის წარმატებული, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას. მზად ვართ, მივიღოთ ყველა, ვისაც წევრობა უნდა, თუმცა მათი მიზანია, ეს ფედერაცია ხელში ჩაიგდონ „ხულიგნურად“, – აღნიშნა სულხან ბაბუაძემ.
ტაეკვონდოს მწვრთნელების ნაწილმა, რომლებიც სულხან ბაბუაძის გადადგომას ითხოვენ, განაცხადეს, რომ ეჭვი აქვთ, ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტ სულხან ბუბუაძეს ვიღაც ხელს აფარებს.
შეგახსენებთ, ტაეკვანდოს მწვრთნელებსა და ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრ გიორგი აბულაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მწვრთნელების თქმით, აბულაძე მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. მათივე ინფორმაციით, პროვოკაცია აბულაძემ შეგნებულად მოაწყო.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფოთის პოლიციის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან ტაეკვანდოს მწვრთნელები და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.