ტაეკვონდოს მწვრთნელი შოთა გოჩიაშვილი - სულხან ბაბუაძეს ვიღაც ხელს აფარებს
ტაეკვონდოს მწვრთნელი შოთა გოჩიაშვილი - სულხან ბაბუაძეს ვიღაც ხელს აფარებს

ფოთის პოლიციის შენობასთან შეკრებილი ტაეკვონდოს მწვრთნელების განცხადებით, ეჭვი აქვთ, რომ ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტ სულხან ბაბუაძეს ვიღაც ხელს აფარებს.

მწვრთნელები ბაბუაძის დაუყონებლივ გადადგომას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

„ჩვენ ვითხოვთ ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას. შედეგები უკვე ნულს გაუტოლდა, ფედერაცია უმოქმედოა. როდესაც ამხელა ფედერაციის ამდენი წევრი გეწინააღმდეგება, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მწვრთნელების 95 პროცენტი ფედერაციასთან არ თანამშრომლობს და ბოიკოტს უცხადებს. თუ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს კაცი კიდევ პრეზიდენტია, აქ ნამდვილად იკვეთება, რომ ამ ადამიანს ვიღაც ხელს აფარებს. შეიძლება თვითონაც უნდა წასვლა, მაგრამ არის ვიღაც, ვისაც არ უნდა, რომ მან ეს პოსტი დატოვოს. ვერ გეტყვით, ვინ მფარველობს, მაგრამ ფაქტია, რომ არის ვიღაც, ვინც მას ხელს აფარებს“, – განაცხადა კლუბ „დოჯოს“ მწვრთნელმა, შოთა გოჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, ტაეკვანდოს მწვრთნელებსა და ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრ გიორგი აბულაძეს შორის ფოთში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მათი თქმით, აბულაძე მწვრთნელებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. მათივე ინფორმაციით, პროვოკაცია აბულაძემ შეგნებულად მოაწყო.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფოთის პოლიციის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან ტაეკვანდოს მწვრთნელები და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.