სულ მალე, ჩინეთი პირველად შეეცდება მარსზე ხომალდის დასმას, რაც ამ დრომდე წარმატებით მხოლოდ იქ გაშვებულ მისიათა ნახევარმა შეძლო.
ეს გახლავთ მისია, სახელად Tianwen-1, რაც ჩინურად „შეკითხვები ზეცას“ ნიშნავს. ამავე დროს, უნდა გახდეს მარსის პირველი მისია, რომლის ფარგლებშიც ხომალდი ჯერ მარსის ორბიტაზე გაიგზავნა, შემდეგ ის წითელი პლანეტის ზედაპირზე დასაჯდომ პლატფორმას ჩაუშვებს, საიდანაც შემდეგ მავალი გადმოვა.
პირველი ნაბიჯები უკვე შესრულებულია. მისია 2020 წლის ივლისში გაუშვეს და მარსის ორბიტაზე ხომალდი 2021 წლის თებერვალში გავიდა. ახლა ეს ორბიტერი ემზადება კაფსულის გამოსაშვებად, რომელშიც მოთავსებულია დასაჯდომი მოწყობილობა და მავალი.
ის მარსის ატმოსფეროში შევა, პარაშუტს გაშლის, შემდეგ დამშვებს გამოუშვებს, რომელიც ძრავებს ჩართავს, ასე სვლას შეანელებს და მარსის ზედაპირზე დაეშვება.
თუ ყველაფერი კარგად წავიდა, Tianwen-1 გაშლის ორბილიკიან ბაქანს, საიდანაც მარსის მიწაზე ექვსთვლიანი მავალი გადმოვა.
ჩინეთის კოსმოსური პროგრამის მეთვალყურე „ტვიტერის“ ანგარიშის მიხედვით, დაშვების მცდელობა 15 მაისს, თბილისის დროით დილის 03:11 წუთზეა დაგეგმილი. ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია (CNSA) ამ დროს არ ადასტურებს, მაგრამ როგორც ადრე უკვე აღნიშნა, მარსზე დაშვება — მისიის ერთ-ერთი ყველაზე გამომწვევი ნაწილი მაისშია დაგეგმილი.
თუ Tianwen-1 მარსზე უსაფრთხოდ დაჯდა, ის წითელ პლანეტაზე დამჯდარი პირველი ხომალდი იქნება, რომელიც NASA-ს არ ეკუთვნის, თუ არ ჩავთვლით 1971 წელს საბჭოთა კავშირის მიერ დასმულ მავალს. წარმატების შემთხვევაში, ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდება, რომელმაც მარსზე ხომალდი დასვა.
დაჯდომა უტოპია-პლანიტიაში იგეგმება — უძველესი ვულკანური ქანების ვრცელ ველზე, სადაც შეიძლება ზედაპირქვეშ წყლის ყინულის დიდი მარაგი იყოს. თუ NASA ან რომელიმე კოსმოსური სააგენტო ოდესმე მარსზე ადამიანებს გაგზავნის, წყალი გადამწყვეტი რესურსი იქნება, რადგან დასჭირდებათ როგორც ასტრონავტებს, ისე რაკეტის საწვავად, წყალბადად და ჟანგბადად დაშლის შემთხვევაში.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარსზე ჩასულმა ხომალდებმა იქ საკმარისი წყალი, ჟანგბადი ან წყალბადი ჩაიტანონ, რომ მთლიან მოგზაურობას ეყოს, უკან დაბრუნების ჩათვლით.
ჩინეთის 240-კილოგრამიანი მავალი მზის პანელებზე იმუშავებს და მისი მიზანია რეგიონისა და იქ წყლის ყინულის კვლევა. გარდა ამისა, ეს მისია ჩინეთს სამომავლო მისიაშიც უნდა დაეხმაროს, რომლის ფარგლებშიც, 2020-იან წლებში დედამიწაზე მარსის ქანების ჩამოტანას გეგმავს.
მარსზე დაშვების ტერორის 7 წუთი
როცა ამის დრო დადგება, ჩინეთის დამშვები კაფსულა ორბიტერ Tianwen-1-ს გამოეყოფა და მარსისკენ ჩაეშვება.
ატმოსფეროში ხახუნის შედეგად, ის 1000 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელდება, მაგრამ მისი ფარი გადახურებისგან დაიცავს შიგნით მოთავსებულ მავალს და სხვა ხელსაწყოებს. სვლის შესანელებლად გაიხსნება ზებგერითი პარაშუტი.
როდესაც ის დანიშნულების ადგილს მიუახლოვდება, ძრავები ქვედა მიმართულებით ცეცხლს გამოუშვებს, რაც სიჩქარეს კიდევ შეანელებს. შემდეგ კი ზედაპირზე სპეციალური ფეხებით დაჯდება, რათა არ მოხდეს დარტყმა.
როგორც მარსზე დაშვებული სხვა მისიები, ჩინეთის მისიაც მთელ ამ პროცესს ავტონომიურად წარმართავს. ვინაიდან მარსიდან დედამიწამდე სიგნალის მოსვლას დაახლოებით რვა წუთი სჭირდება, მისიის მაკონტროლებლები ხომალდს რეალურ დროში ვერ დაეკონტაქტებიან.
როდესაც მიიღებენ სიგნალს, რომ კაფსულა მარსისკენ ეშვება, ის უკვე ზედაპირზე იქნება, ან ცოცხალი, ან განადგურებული.
სწორედ ამიტომ უწოდებენ კოსმოსური ინჟინრები მარსის მისიების ამ მონაკვეთს „ტერორის შვიდ წუთს“.
გაიცანით „ჟურონგი“ — 90-დღიანი მავალი
მავალის სახელია „ჟურონგი, რაც მას ძველი ჩინური ცეცხლის ღმერთის პატივსაცემად დაარქვეს. ბაქანის გაშლას და მარსის ზედაპირზე მავალის გადმოსვლას შეიძლება კვირაზე მეტი დასჭირდეს.
უტოპია-პლანიტიას რეგიონს ის 90 მარსული დღის განმავლობაში შეისწავლის. ამასობაში, ორბიტერი წითელი პლანეტის გარშემო მოძრაობას ორი წლის განმავლობაში გააგრძელებს და დედამიწაზე გამოგზავნის მავალის მიერ გადაცემულ მონაცემებსა და ფოტოებს. ჩინელ მეცნიერთა განცხადებით, ორბიტერის მთავარი მიზანია მთლიანი მარსის ფართო, გლობალური კატალოგიზაცია.
მათ შორის იქნება მარსის გეოლოგიური და კლიმატური კვლევა, ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველების გაზომვა.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.