ჩინეთმა მარსზე მავალი წარმატებით დასვა — #1tvმეცნიერება
ჩინეთმა მარსზე მავალი წარმატებით დასვა — #1tvმეცნიერება

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მავალი „ჟურონგი“ წარმატებით დაჯდა მარსის ზედაპირზე. ეს კი ნამდვილი ტრიუმფია ჩინეთის თამამი კოსმოსური ამბიციებისათვის — გახდა მსოფლიოში მესამე ქვეყანა, რომელმაც ეს მოახერხა.

დამშვები აპარატი, რომელშიც მავალია მოთავსებული, მარსის ატმოსფეროში შევიდა, გამოიყენა პარაშუტი, წარმატებით გადალახა ე. წ. ტერორის შვიდი წუთი და მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ვულკანურ ველ უტოპია-პლანიტიაზე დაეშვა.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ის ცნობით, ხომალდი წარმატებით დაჯდა წინასწარ შერჩეულ ადგილას.

შედეგად, ჩინეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მარსის ერთი მისიის ფარგლებში განახორციელა ორბიტაზე გასვლა, დაშვება და მავალის დასმა. წითელ პლანეტაზე ხომალდები ამ დრომდე მხოლოდ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს ჰქონდათ დასმული.

ექვსთვლიანი მავალი „ჟურონგი“ 240 კგ-ს იწონის და მისი მიზანი მარსის ზედაპირის ქანების ნიმუშების შეგროვება და ანალიზია. ამ საქმეში ის დაახლოებით სამ თვეს გაატარებს.

მისია Tianwen-1, რომელმაც მავალი წაიღო, ჩინეთმა 2020 წლის ივლისში გაუშვა.

მარსის ორბიტაზე ხომალდი 2021 წლის თებერვალში გავიდა. დაშვება კი 15 მაისს განახორციელა. მარსზე დაშვების ამ მომენტს კოსმოსური ინჟინრები „ტერორის შვიდ წუთს“ უწოდებენ, რადგან რადიოსიგნალები მარსიდან დედამიწაზე 7-8 წუთის შემდეგ მოდის, მისიის ჯგუფს ხომალდთან რეალურ დროში კონტაქტი არ შეუძლია და დაშვებას ის მთლიანად ავტონომიურად ახორციელებს.

აშშ-ის, ევროპისა და რუსეთის მარსზე დაშვების რამდენიმე მცდელობა წარსულში კრახით დასრულდა. ბოლოს ასე დაემართა ევროპულ-რუსულ მავალ „სკიაპარელის“, რომელიც მარსის ზედაპირს დაეცა და აფეთქდა.

თუმცა, თებერვალში, NASA-მ წითელ პლანეტაზე წარმატებით დასვა უახლესი მავალი „პერსევერანსი“, რომელმაც მარსის კვლევა უკვე დაიწყო.

მავალმა მარსზე წაიღო პატარა ვერტმფრენიც, რომელმაც უკვე განახორციელა პირველი მართვადი ფრენები სხვა პლანეტაზე.

აშშ-სთან, რუსეთთან და ევროპასთან კონკურენციაში ჩინეთმა გრძელი გზა გაიარა.

აპრილის ბოლოს წარმატებით გაუშვა ახალი კოსმოსური სადგურის პირველი მოდული; სადგურის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება და იქ ასტრონავტებიც იქნებიან. ამასობაში, ჩინეთი ადამიანთა გაგზავნას მთვარეზეც გეგმავს.

წინა კვირაში, რაკეტა, რომელმაც კოსმოსური სადგურის ეს მოდული ორბიტაზე გაიტანა, დედამიწის ატმოსფეროში უკონტროლოდ შემოვიდა და ინდოეთის ოკეანის თავზე დაიწვა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი