27 906 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, სახელმწიფო დაფინანსება კი 10 614-მა მოიპოვა
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, სტუდენტი გახდა 27 906 აპლიკანტი, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 10 614 სტუდენტმა, სახელმწიფო სასწავლო გრანტი კი 6 543-მა. სახელმწიფომ სრულად დააფინანსა – 4 071 სტუდენტი.
გამოცდები შედეგები და სტუდენტთა სრული სია გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე 13:00 საათზე აიტვირთება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საბოლოო სია იმ აბიტურიენტებისა, რომლებმაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაიგზავნება. სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, აბიტურიენტი კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელთან აფორმებს ხელშეკრულებას. უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის პროცესი ხელშეკრულების გაფორმებით სრულდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ცენტრალიზებულად, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.
განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურისა და ზოგადი უნარების გამოცდების) განრიგი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ამ შესაძლებლობით აპლიკანტთა მხოლოდ 2%-მდე ისარგებლა.