მაია მიმინოშვილის და თამარ სანიკიძის შემცვლელთა ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი
მაია მიმინოშვილის და თამარ სანიკიძის შემცვლელთა ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპების განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. შესაბამისად, ამ პერიოდში გაირკვევა, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობებს.

როგორც პირველ არხს განათლების სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც, შერჩეულ კანდიდატებს სამინისტრო საზოგადოებას წარუდგენს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ვაკანსიებზე განაცხადების შეტანა 23 სექტემბერს დასრულდა.

ვაკანსიების პირობების თანახმად, დასახელებულ პოზიციებზე გამოსაცდელი ვადა ექვსი თვეა.

რაც შეეხება ანაზღაურებას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო 6200 ლარია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 7500, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ხელფასი 3500 ლარი იქნება, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 4850 ლარი.

კონკურსის შემდგომი ეტაპები გულისხმობს განცხადების გადარჩევას და გასაუბრენას. საბოლოო გადაწყვეტილებას, გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი მიიღებს.

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნული თანამდებობებიდან თამარ სანიკიძე, მაია მიმინოშვილი, გიორგი მაჩაბელი და მანანა მიქაბერიძე 10 სექტემბერს გაათავისუფლა. მათთან ერთად თანამდებობები დატოვეს მინისტრის მოადგილეებმა თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა.

დატოვე კომენტარი