მაია მიმინოშვილი - ჩემსა და განათლების მინისტრს შორის არანაირი უთანხმოება ან აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, ერთად მუშაობა ვერც მოვასწარით
მაია მიმინოშვილი - ჩემსა და განათლების მინისტრს შორის არანაირი უთანხმოება ან აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, ერთად მუშაობა ვერც მოვასწარით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარი მიღწევებითა თუ სირთულეებით, მისი ყველა პროექტი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი, ალბათ უმთავრესი ეტაპი იყო და, ცხადია, ორგანიზაციის, მისი საქმიანობის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება მექნება, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლება გაუძლო სირთულეებს, თუ საქმე, რომელსაც აკეთებ, ძალიან გიყვარს. ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა კარგად იციან, რომ „ნაეკი“ ჩემთვის მხოლოდ სამსახური არასოდეს ყოფილა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარი მიღწევებითა თუ სირთულეებით, მისი ყველა პროექტი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი, ალბათ უმთავრესი ეტაპი იყო და, ცხადია, ორგანიზაციის, მისი საქმიანობის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება მექნება.

სწორედ ამიტომ მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი: ვიყავი და ყოველთვის ვიქნები „ნაეკის“ ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მიხარია, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა შევძელით ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ნებისმიერი ხელმძღვანელის პირობებში წარმატებით გაართმევს თავს ძველ და ახალ ამოცანებს. დავნერგეთ სისტემა, რომლის ობიექტურობა თუ ეფექტიანობა ერთი ან რამდენიმე ადამიანის სურვილსა და კეთილსინდისიერებაზე არ არის დამოკიდებული.

მესამე დღეა თითქმის ყველა მედიასაშუალება მთხოვს განმარტებას, თუ რა გახდა, ჩემი აზრით, მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი. ვეცდები მოკლედ და გულწრფელად გიპასუხოთ: ცხადია, ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება ან აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან ერთად მუშაობა ვერც მოვასწარით. ამასთან, ვფიქრობ, საკადრო ცვლილებებში დრამატული არაფერია. საქმის კეთებისას გუნდურობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და, შესაბამისად, მესმის, რომ სისტემაში ცვლილებების წამოწყება ახალ მინისტრს თავის გუნდთან ერთად სურს. ამ რთულ საქმეში წარმატება მინდა ვუსურვო! ეს ქვეყანას, საზოგადოებას ძალიან სჭირდება.

და ბოლოს, ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ჩემს „ნაეკელებს“ მინდა მივმართო: სწორედ თქვენ ხართ ამ ორგანიზაციის ძლიერი მხარე. თქვენმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ, საქმისადმი ერთგულებამ და პროფესიონალიზმმა შექმნა „ნაეკი“ და ეს იქნება მისი ყველა მომდევნო წარმატების უპირობო გარანტი! გმადლობთ მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის“, – წერს მაია მიმინოშვილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე დღის წინ მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.