მაია მიმინოშვილი, თამარ სანიკიძე, ლია გიგაური და თემურ მურღულია თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ
მაია მიმინოშვილი, თამარ სანიკიძე, ლია გიგაური და თემურ მურღულია თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და კიდევ რამდენიმე პირი საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა.

შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეები – თემურ მურღულია, ლია გიგაური, თამარ სანიკიძე – განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მანანა მიქაბერიძე – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მაია მიმინოშვილი – შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, სისტემაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი