სტოუნჰენჯის ნაწილი შესაძლოა, ადამიანებამდე ძალიან ადრეც არსებობდა
სტოუნჰენჯის ნაწილი შესაძლოა, ადამიანებამდე ძალიან ადრეც არსებობდა

უძველესი ძეგლი სტოუნჰენჯი იდუმალების საბურველშია გახვეული — არ ვიცით, როგორ ან რისთვის ააშენეს.

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საიდუმლო ის არის, თუ რატომ აათრიეს გიგანტური ქვები სოლსბერის არაფრით გამორჩეულ ფერდობზე და რატომ არ აღმართეს იქვე, სადაც იპოვეს. როგორც ჩანს, პასუხი უკვე გვაქვს — ზოგიერთი ქვა უკვე იქ იყო.

მაიკ პიტსი ერთ-ერთია იმ უიშვიათეს არქეოლოგთაგან, რომელსაც სტოუნჰენჯზე გათხრები აქვს ჩატარებული. ახლახან მან მიაგნო მტკიცებულებას, რომ მონუმენტის ორი ყველაზე დიდი და უმნიშვნელოვანესი ქვა, რომლებსაც სარსენებს უწოდებენ, შეიძლება, ამ ადგილას უკვე მილიონობით წლებია, რაც აღმართულია.

1970-იან წლებში მიიჩნეოდა, რომ სარსენები, რამდენიმეტონიანი ქვიშაქვის გიგანტური ლოდები სოლსბერის ვაკეზე ბუნებრივად არ იყო მოხვედრილი.


მკვლევართა დასკვნით, ხალხს, რომელმაც სტოუნჰენჯი ააგო, ქვები 32 კილომეტრის მანძილიდან, მალბოროს დაბლობიდან უნდა მოეტანა.

მაგრამ რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს მაშინ, როცა ქვები იქვე, ადგილზე შეეძლოთ აღემართათ? ეს ნამდვილ თავსატეხად რჩებოდა.

როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხს მონუმენტის ორი უდიდესი ქვა ფლობს.

დანარჩენი მონუმენტისგან განსხვავებით, ეს ორი ქვა დაუმუშავებელია, არ აქვს მიცემული არანაირი ფორმა. გარდა ამისა, თუ მწკრივზე შევხედავთ, სწორედ ეს ორი ქვა აღნიშნავს ჰორიზონტს, სადაც ზაფხულის ბუნიაობისას მზე ამოდის, ზამთრის ბუნიაობისას კი ჩადის.

თუკი ეს ორი ქვა უკვე აქ იყო და ემთხვეოდა მზებუდობას, ათასობით წლის წინ ახლომახლოს მცხოვრები ხალხისთვის ეს ფაქტი უკვე საკმარისი მიზეზი იყო, რათა ამ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინათ.

თავის მოსაზრებას მაიკ პიტსი ქვებთან ძალიან ახლოს არსებული ორი თხრილის საშუალებით ამყარებს.

პირველი ქვის სიახლოვეს, მან 6 მეტრამდე დიამეტრის ხვრელის ნიშნები იპოვა. ის გაცილებით დიდი იყო იმისათვის, რათა ქვის ჩასასმელი თხრილი ყოფილიყო და გარკვეულწილად, მკვლევარს საგონებელშიც აგდებდა. თუმცა, მასში მშვენივრად თავსდებოდა დაწოლილი ქვა.

ყველაზე საუკეთესო ახსნის მიხედვით, ქვა ამ ადგილიდან იყო ამოთხრილი და აღმართული.

„მიიჩნეოდა, რომ სტოუნჰენჯის ლოდები 32 კმ მანძილიდან, მალბოროს დაბლობიდან იყო მოტანილი. შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ზოგიერთი ქვა შეიძლებოდა ადგილობრივი ყოფილიყო. ამ ზომის საგნის გადასაადგილებლად, სპეციალური ტექნიკაა საჭირო. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ის საერთოდაც არ გადაუადგილებიათ, ყოველთვის იქ იყო, სადაც ახლაა, ოღონდ ნახევრად ჩამარხული“, — უთხრა პიტსმა The Times-ს.

მსგავსი ორმო შეიმჩნევა მეორე უდიდეს ქვასთან ძალიან ახლოსაც.

ქვების მსგავსად, ორმოები განლაგებულია მზებუდობის ღერძის გასწვრივ. როგორც პიტსი ბრიტანულ ჟურნალ British Archaeology-ის სტატიაში განმარტავს, სტოუნჰენჯის მთლიანი გეომეტრია სწორედ ამ ბუნებრივი შემთხვევითობის გარშემო უნდა აშენებულიყო.

ცოტა ხნის წინ დამტკიცდა ისიც, რომ სარსენების, ანუ უზამაზარი ლოდების პოვნა იშვიათად, მაგრამ ვაკეზეც შესაძლებელია.

მკვლევართა დასკვნით, მილიონობით წლის განმავლობაში, სავარაუდოდ მესამეულ პერიოდში წარმოქმნილი ლოდები უნდა დამტვეულიყო და დანაწევრებულიყო გამყინვარებათა პერიოდებში.

ეს კი მხარს უჭერს პიტსის ჰიპოთეზას, რომელმაც შესაძლოა, ბოლოსდაბოლოს ამოგვახსნევინოს სტოუნჰენჯის საიდუმლო.

მომზადებულია The Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით