Standart & Poor’s რუსეთის ავიასანქციების გაუქმების შესაძლებლობაზე მიუთითებს
Standart & Poor’s რუსეთის ავიასანქციების გაუქმების შესაძლებლობაზე მიუთითებს

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s რუსეთის ავიასანქციების გაუქმების შესაძლებლობაზე მიუთითებს.

„თბილისში საპროტესტო აქციების შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების შეჩერებამ გამოიწვია ტურიზმის სფეროში შემოსავლების შენელება – 2018 წელთან შედარებით. თუმცა, რუსული სანქციების ეფექტი შეზღუდული იყო, რადგან ისინი მხოლოდ პირდაპირ ფრენებზე გავრცელდა და არა სხვა სფეროებზე – მაგალითად ქართულ ღვინოზე. შეზღუდვები არ შეეხო არც სამუშაო ძალაზე საქართველოდან, რომელიც ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი, თუმცა კლებადი წყაროა. შენარჩუნებულია რუსი ტურისტების შემოსვლა ხმელეთით, ასევე სატრანზიტო მიმართულებებით. გვესმის, რომ შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმოს ემბარგო, როგორც ეს მათ ბოლოდროინდელ განცხადებებში იყო ხაზგასმული“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაზრდასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

Standart & Poor’s მიუთითებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც, მათ შორის საპროტესტო გამოსვლებზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის მოახლოება, მათი მოსაზრებით, შესაძლოა, პოლიტიკურ არასტაბილურობასთან იყოს დაკავშირებული.

„მაგრამ ჩვენ არ ველოდებით რაიმე მავნე ძვრებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ უთანხმოებაზე, რაც „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის სტატუსს უკავშირდება.

„რუსეთი აგრძელებს ამ ორ ტერიტორიასთან კავშირების გამყარებას, მაგალითად, „სამხრეთ ოსეთის“ ჯარის ნაწილობრივი ინტეგრაციით რუსულთან, აფხაზეთში საბაჟო პოსტის შექმნით და ამ ტერიტორიებზე რუსი მაღალჩინოსნების ხშირი ვიზიტებით. თუმცა, ჩვენ არ ველოდებით რაიმე განსაკუთრებულ ესკალაციას და ვვარაუდობთ, რომ კონფლიქტი იქნება გაყინული საშუალოვადიან პერსპექტივაში“, – წერია დოკუმენტში.

საფინანსო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოში საპროტესტო აქციებისა და პირდაპირი ფრენების გაუქმების შემდეგ, ქვეყნებს შორის ბოლო წლებში ცალკეულ სფეროებში ურთიერთობების გაუმჯობესებას უკუსვლა ჰქონდა.