ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთიდან ფრენების აღდგენა არ არის საკითხი, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს ევროპულ ინტეგრაციას, სანქციებისთვის თავის არიდება ვერ მოხდება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთიდან ფრენების აღდგენა არ არის საკითხი, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს ევროპულ ინტეგრაციას, სანქციებისთვის თავის არიდება ვერ მოხდება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა

საქართველოში რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის თავის არიდება ვერ მოხდება. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან გვქონდა და ჩვენ ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ. ეს არის  ჩვენი პოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ გასაგებია მათი შეშფოთების საგანი, თუმცა ეს არ არის საკითხი, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეები ამ დრომდეც შემოდიოდნენ სახმელეთო გზით. შესაბამისად, სამხარაძის თქმით, საბოლოო თვალსაზრისით არაფერი იცვლება.

„მესმის, რომ მათ გამოხატეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ფრენები აღდგება, თუმცა ეს არ არის ის საკითხი, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რადგან რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეები ამ დრომდეც შემოდიოდნენ სახმელეთო გზით და ასევე არავისთვის საიდუმლო არ იყო, რომ ამ დრომდეც შემოდიოდნენ რუსეთიდან საჰაერო გზით, ხან სტამბოლის, ხან ერევნის, ხან ბაქოს გავლით. ამიტომ, საბოლოო შედეგის თვალსაზრისით, აქ რეალურად არაფერი იცვლება. ამას აქვს, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა, თუმცა სიმბოლური დატვირთვა შეიძლება, ბევრ სხვა რამესაც ჰქონდეს და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მნიშვნელობის საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით დამოკიდებული. ეს თავისთავად არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც გვაქვს რუსეთთან მიმართებით, რომ რუსეთს არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს, მაგრამ ასევე არ ვიღებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, არ მოვემსახურებით სანქცირებულ ავიაკომპანიებს ქართულ აეროპორტებში და არ მივიღებთ სანქცირებულ ბორტებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის შეფასებით, რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამიტომ დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რა შეიძლება, იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან და როგორ შეიძლება, საქართველო შეხვდეს ამ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ის იმყოფება.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ყველა რუსული ავიაკომპანია არ ჰყავს დასანქცირებული. მისივე თქმით, გარკვეული ინტერესების გამო, რომელიც ევროკავშირს აქვს, ისინი სრულ სანქციებს რუსეთს დღემდე არ უწესებენ.

„ევროკავშირს ყველა რუსული ავიაკომპანია არ ჰყავს დასანქცირებული. სხვათა შორის, ამაზეც შეიძლება, კითხვის ნიშნები დაისვას. მაშინ რატომ არ არის ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული? ეს თავისთავად დამოკიდებულია იმაზე, რომ გარკვეული ინტერესების გამო, რომელიც ევროკავშირს აქვს, იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა ინტერესები, ისინი სრულ სანქციებს რუსეთს დღემდეც არ უწესებენ. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები, ამიტომ ჩვენ ნამდვილად არ გვიმუშავია იმაზე, რომ ფრენების შესახებ ეს სანქცია რუსეთის მხრიდან მოხსნილიყო და არც იმაზე გვიმუშავია, რომ უვიზო რეჟიმი შემოეღოთ რუსებს, ეს მათი გადაწყვეტილებაა. კითხვის ნიშნებს აჩენს ასევე ის დრო, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და კარგად გვესმის, რომ რუსეთი არ ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებზე. მათ ეს გადაწყვეტილება რაღაცისთვის სჭირდებათ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავაზიანოთ. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც ძალიან კარგად უნდა იცოდნენ და უნდა ხვდებოდნენ იმას, თუ რა შეიძლება, იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან, ერთი მხრივ, რუსეთის მხრიდან და მეორე, როგორ შეიძლება, საქართველო შეხვდეს ამ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ვიმყოფებით. ვგულისხმობ ოკუპაციას, დაძაბულ უსაფრთხოების გარემოს და ასევე ვგულისხმობ იმას, რომ ქართული პროდუქცია, თუნდაც ღვინო და სოფლის მეურნეობის სხვა ნაწარმი თავისუფლად ვერ შედის ევროკავშირის ბაზარზე. როდესაც ჩვენ გვექნება ეს ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა ევროკავშირისგან, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგვეძლება, რომ უფრო თამამად ვიმოქმედოთ სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.