სპეციალურმა პროკურორმა დონალდ ტრამპის ადვოკატებს შეკითხვების ჩამონათვალი გადასცა
2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე დანიშნულმა სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა უკვე მოამზადა შეკითხვების ჩამონათვალი, რომლის დასმასაც ის ამერიკის პრეზიდენტისთვის აპირებს. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN- ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მიულერის გუნდმა დონალდ ტრამპის ადვოკატებს შეკითხვების ჩამონათვალი უკვე გადასცა.
გავრცელებული ვერსიით, სპეციალურ პროკურორს აინტერესებს, რატომ გაათავისუფლა პრეზიდენტმა თანამდებობიდან მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი. გარდა ამისა რობერტ მიულერს სურს გაიგოს , რატომ შეხვდა 2016 წელს ამერიკის პრეზიდენტის შვილი რუს იურისტს ნატალია ვესელნიცკაიას.
აღნიშნულ საქმეს რობერტ მიულერი 2017 წლის მაისიდან იძიებს. ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში ბრალდება 19 ადამიანს აქვს წაყენებული.