SpaceX-ის დამფუძნებელმა ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების გამოსაყვანად მინი წყალქვეშა ნავის გამოცდა დაიწყო [ვიდეო]

ელონ მასკმა ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოსაყვანად მინი წყალქვეშა ნავის გამოცდა დაიწყო. კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე განათავსა.

როგორც ცნობილია, სპეციალურად ტაილანდში მიმდინარე ოპერაციისთვის შექმნილი მინი წყალქვეშა ნავი კომპანია SpaceX-ის კუთვნილ რაკეტა „ფალკონ 9“-ის ნაწილებისგან არის გაკეთებული. ის ლონ ანჯელესში, საცურაო აუზში გამოსცადეს.

ელონ მასკმა Twitter-ზე ასევე დაწერა, რომ ტაილანდის მღვიმეში არსებულ ვიწრო გასასვლელში ბავშვის ზომა წყალქვეშა ნავი გაეტევა. ამასთან ის საკმარისად მსუბუქია იმისთვის, რომ ორმა მყვინთავმა გადააადგილოს.
ოპერაციის დაწყებისას ელონ მასკმა ტაილანდში თავისი კომპანიის იჟინრებიც გაგზავნა. ისინი ბავშვების სამაშველო ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას.

ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების სამაშველო ოპერაცია 8 ივლისს, დილით დაიწყო. ამ დრომდე სამაშველო ჯგუფმა ოთხი ბიჭის გამოყვანა მოახერხა. კვირას საღამოს ოპერაცია დროებით შეჩერდა. მიზეზი გამოქვაბულში ჟანგბადის მარაგის გამოლევაა, რომლის აღდგენასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

11-დან 16 წლამდე ასაკის საფეხბურთო ნაკრების წევრები და მათი მწვრთნელი ტაილანდის მღვიმეში ორი კვირის წინ შევიდნენ. სწორედ ამ დროს წყალმა მღვიმეში შესასვლელი ჩაკეტა. მათ კვალს მაშველებმა მხოლოდ 10 დღის შემდეგ მიაგნეს.