ტაილანდში გადარჩენილი ბიჭები პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებენ [ვიდეო]

ტაილანდში გადარჩენილმა ბიჭებმა პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელიც საავადმყოფოშია ჩაწერილი.

ვიდეომიმართვაში ბიჭები ამბობენ, რომ ახლა თავს კარგად გრძნობენ და მადლობას უხდიან ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა, ასევე მადლობას უხდიან მხარდამჭერებს მთელს მსოფლიოში.

ვიდეომიმართვიდან ირკვევა, რომ ბიჭებს ახლა ყველაზე მეტად ტაიალანდური კერძები ენატრებათ, განსაკუთრებით შემწვარი ხორცი, თუმცა ჯერ მკაცრ დიეტაზე არიან.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს პირდაპირ ეთერში არ უყურებენ და მოგვიანებით ჩანაწერს ნახავენ. ექიმები ამბობენ, რომ თამაში ტაილანდის დროით საკმაოდ გვიან არის, ბავშვებისთვის კი ძილი აუცილებელია.

11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს. 10 ივლისს კი სამფაზიანი რთული სამაშველო ოპერაციის წყალობით, ყველა მათგანი გადაარჩინეს.