ვინ არის ავსტრალიელი ექიმი, რომელმაც ტაილანდის მღვიმეში ბავშვებთან დარჩენა ამჯობინა
ვინ არის ავსტრალიელი ექიმი, რომელმაც ტაილანდის მღვიმეში ბავშვებთან დარჩენა ამჯობინა

ავსტრალიელი ექიმი, რომელმაც ტაილანდის მღვიმეში ბავშვებთან დარჩენა ამჯობინა, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი მოხალისე მოექცა.

როდესაც დაკარგული ბავშვების ადგილმდებარეობის შესახებ გახდა ცნობილი, ავსტრალიელმა ანესთეზიოლოგმა, რიჩარდ ჰარისმა ტაილანდის კურორტზე დასვენება შეწყვიტა, მღვიმისკენ გაემართა და მოზარდების დასახმარებლად მოხალისედ ჩაეწერა.

ოპერაციის დროს ის მყვინთავებთან ერთად გამოქვაბულში შევიდა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა და გადაწყვიტა მათთან დარჩენილიყო. ავსტრალიელმა ექიმმა ბავშვებთან ერთად გამოქვაბულში სამი დღე გაატარა.

როგორც დასავლური მედია იუწყება, სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება, თუ როდის უნდა დაწყებულიყო ოპერაცია და გასცა რეკომენდაცია, რომ გამოქვაბულიდან პირველ რიგში ყველაზე სუსტი ბავშვები გამოეყვანათ.

ამასთან, რიჩარდ ჰარისი ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, ვინც გამოქვაბული დატოვა.

„ავსტრალიელები ძალიან დაგვეხმარნენ, მათ შორის გამოვარჩევ ექიმს“,- ეს განცხადება სამაშველო მისიის ხელმძღვანელმა ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ გააკეთა.

ავსტრალიელი ექიმის საქციელს გამოეხმაურა ჯულია ბიშოფიც. „ის სამაშველო ოპერაციის განუყოფელი ნაწილი იყო“, განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რიჩარდ ბიშოფის ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ავსტრალიელები მთავრობას მოუწოდებენ, ექიმს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო გადასცენ.

რიჩარდ ჰარისი პროფესიით და საქმიანობით ანესთეზიოლოგია. თუმცა წყალქვეშა სამყარო უკვე დიდი ხანია მისი მთავარი გატაცებაა. ის ხშირად დადის ექსპედიციებზე ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, აღდგომის კუნძულებსა და ჩინეთში. ამიტომ, წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვა და ტაილანდში ჩატარებულ ოპერაციას სათანადო დახმარება გაუწია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რიჩარდ ჰარისი ქვეყნის მასშტაბით ხშირად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო მისიებში.

11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს. 10 ივლისს კი სამფაზიანი რთული სამაშველო ოპერაციის წყალობით, ყველა მათგანი გადაარჩინეს.