ტაილანდის ხელისუფლება მღვიმეში გადარჩენილი სამი ბავშვისა და მწვრთნელისთვის სრულფასოვანი მოქალაქეობის მიცემას განიხილავს
ტაილანდის ხელისუფლება მღვიმეში გადარჩენილი სამი ბავშვისა და მწვრთნელისთვის სრულფასოვანი მოქალაქეობის მიცემას განიხილავს

ტაილანდის ხელისუფლება მღვიმეში გადარჩენილი სამი ბავშვისა და მწვრთნელისთვის სრულფასოვანი მოქალაქეობის მიცემას განიხილავს. ამის შესახებ The guardian-ი იუწყება. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „ველური ტახების“ სამ წევრს და მათ მწვრთნელს ქვეყნის ტერიტორიაზე შეზღუდული უფლებები აქვთ. 16 წლის პორნჩაი კამლუანგი, 14 წლის ადულ სამ ონი, 13 წლის მანგკოლ ბუნპიამი და მათი მწვრთნელი ეკაპოლ ჩანტავონგი წარმოშობით მიანმარის შტატ შანიდან არიან. სასაზღვრო რეგიონში არსებული ქაოსის გამო ბავშვებს და მათ მწვრთნელს ფაქტობრივად არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ. სწორედ ამიტომ, ტაილანდის ხელისუფლების განკარგულებით შესაბამისმა სამსახურებმა გადარჩენილებისთვის მოქალაქეობის მიღების საკითხის შესწავლა დაიწყეს.

11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს. 10 ივლისს კი სამფაზიანი რთული სამაშველო ოპერაციის წყალობით, ყველა მათგანი გადაარჩინეს.