ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სოსო ქუთათელაძის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გ.ჭ-ს ადვოკატი ანი კეკენაძე აცხადებს, რომ სახლიდან ამოღებული ვაზნები დაკავებულის მამას ეკუთვნის.
როგორც ადვოკატი აცხადებს, გ.ჭ ადასტურებს, რომ მკვლელობის დღეს სოსო ქუთათელაძეს შეხვდა, თუმცა მკვლელობასთან რამე კავშირს გამორიცხავს.
„საქმეზე გამოძიება დაწყებულია 236-ე მუხლის მეორე ნაწილით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან ვაზნებზე, რომელიც მისი სახლის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. სახლში ამოღებული ვაზნები ეკუთვნის მამამისს და არა მას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამორიცხავს რამე შემხებლობას და კავშირს სოსო ქუთათელაძის მკვლელობასთან. მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაშინვე გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში, რის შემდეგაც დატოვეს უწყებაში. გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება ამასთან დაკავშირებით. ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მკვლელობის დღეს ჰქონდა შეხვედრა გარდაცვლილთან, თუმცა მკვლელობას და ვაზნების კავშირს გამორიცხავს. გამოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებით აღარ აქვს კითხვები“, – განაცხადა ადვოკატმა.
შსს ადასტურებს, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ერთი პირია დაკავებული.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ქუთათელაძის ცხედარი 15 იანვარს დაცვის თანამშრომელმა ნახა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე კონკრეტულ შედეგებს უახლოესი დღეებისთვის ელოდება.