სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა გიორგი ჭანტურიამ პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვა
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა გიორგი ჭანტურიამ პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვა

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორის სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა გიორგი ჭანტურიამ  ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა უკომენტაროდ დატოვა.

მედიასთან ისაუბრა მისმა ადვოკატმა. ალექსი კობაიძემ გამოძიების მიმართ კმაყოფილება გამოთქვა.

მისი თქმით, გამოძიებამ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„პროკურატურა მივიდა იმ გონივრულ დასკვნამდე, რომ გიორგი ჭანტურია უნდა გაეთავისუფლებინა. ნამდვილად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით რაიმე ფორმა შეეფარდებინათ.

ვულოცავ გამოძიებას და ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც ჭანტურიას საქმეს გულშემატკივრობდა.

კარგია, რომ ასე ობიექტურად მიმდინარეობს გამოძიება და გაქვს შენი სამართალდამცველების იმედი. ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია.

წარდგენილი იყო არაერთი მტკიცებულება, რის საფუძველზეც დადასტურდა, რომ ჭანტურია უნდა გათავისუფლებულიყო დაკავებიდან“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატები ჭანტურიას მიმართ ზეწოლაზე საუბრობდნენ და კითხვაზე, ხომ არ მიმართავენ შს გენერალურ ინსპექციას აღნიშნულ საკითხზე, ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია მისცემს თუ არა ჭანტურია საქმეს შემდეგ მსვლელობას.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორის სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალი არ წარედგინა.